როგორ გამოგონებას იცავს პატენტი1918 2014.03.05
როგორ გამოგონებას იცავს პატენტი
პატენტი არის გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა. ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება დასტურდება საპატენტო სიგელით (პატენტით), რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ. გარდა სხვა პირებისათვის გამოგონებით სარგებლობის აკრძალვისა, პატენტი გამოიყენება სხვა მიზნებითაც, კერძოდ, საკუთარი ბიზნესის ინტერესებში ან, საკუთრების სხვა ფორმების მსგავსად, იგი შეიძლება გახდეს გაყიდვის ან ლიცენზირების ობიექტი. საპატენტო სამართალი, როგორც წესი, არ იძლევა გამოგონების ნორმატიულ განმარტებას. მიუხედავად ამისა, ზოგადი მოსაზრებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ გამოგონება არის იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტის იდეა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას. პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს: მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.); ნივთიერება (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები, ნარევები და ა.შ.); ბიოლოგიური მასალა (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.); ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.). დაპატენტების საგანი შეიძლება იყოს ტექნიკის არსებული დონით ცნობილი ნივთიერებებისა და ნარევების, აგრეთვე მოწყობილობების ახალი დანიშნულებით გამოყენებაც. პატენტი იცავს ისეთ გამოგონებას, რომელიც აკმაყოფილებს სამ ძირითად კრიტერიუმს (პატენტუნარიანობის კრიტერიუმები); ეს კრიტერიუმებია: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. სიახლე გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის მსოფლიოში ტექნიკის არსებული დონიდან გამომდინარე. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით გამოგონებაზე განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუკი საკონვენციო პრიორიტეტი ამ პრიორიტეტის თარიღამდე მოითხოვება. საგამომგონებლო დონე გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან; სამრეწველო გამოყენებადობა გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სფეროებში პატენტი არ გაიცემა: გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე, რომელიც იწვევს არაჰუმანურ, ამორალურ და/ან ანტისაზოგადოებრივ ქმედებას; გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მოწყობილობებსა და ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ ხერხებში; გამოგონებაზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშის გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე; სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგრეთვე, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშის გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებს, მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურების, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს; საპატენტო სამართალი ასევე ადგენს ობიექტებს, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად, რაც გამორიცხავს მათზე პატენტის გაცემის შესაძლებლობას. გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა შემდეგი ობიექტები: აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, ან მათემატიკური მეთოდი; მხატვრული კონსტრუირების შედეგი; ალგორითმები და პროგრამები გამომთვლელი მანქანებისათვის; აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, აგრეთვე, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშობების, გათამაშების წესები; მეურნეობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდი; ნაგებობათა, შენობათა, ტერიტორიათა დაგეგმარების პროექტი და სქემა; ინფორმაციის წარდგენა.