დიდმა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა745 2014.02.26
დიდმა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საუარესოდ შებრუნების საკითხთან მიმართებით და მსჯავრდებული შ. ქ. პატიმრობიდან გაათავისუფლა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროკურორის საჩივრის საფუძველზე მსჯავრდებულის მდგომარეობა გააუარესა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის კუთხით - შთანთქმის ნაცვლად გამოიყენა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს ირიბადაც კი არ მიუთითებია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენის თაობაზე, მით უმეტეს - განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესზე. დიდმა პალატამ განმარტა, რომ განაჩენთა ერთობლიობისას სახელმწიფო ბრალმდებელს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის და, შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს ასეთივე პოზიცია ეკავა ყველა ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუფიქსირებია პოზიცია, შემდგომში იმავე საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება სამართლებრივად საფუძველს მოკლებული და უპერსპექტივოა. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 4000 ლარი და აღნიშნულმა სასჯელებმა შთანთქა კიდევ ერთი ადრე გამოტანილი განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წელი. მსჯავრდებულ შ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4000 ლარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იმ პირობებში, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს ირიბადაც კი არ მიუთითებია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენის თაობაზე, მით უმეტეს - განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიუმატა წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან 1 წელი და მსჯავრდებულ შ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დიდმა პალატამ მსჯავრდებულ შ. ქ-ს 1 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად განუსაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და გაათავისუფლა.