რა ზოგად მოთხოვნებს უყენებს კანონი რეკლამას973 2014.02.17
რა ზოგად მოთხოვნებს უყენებს კანონი რეკლამას
რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ზოგად მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ყველა რეკლამა. კანონის მიხედვით, დაუშვებელია იმ საქონლის რეკლამირება, რომლის წარმოება და რეალიზაციაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას), მაგრამ ასეთი ნებართვა არ არის მიღებული; აგრეთვე იმ ეკონომიკური აგენტის რეკლამირება, რომლის საქმიანობაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას), მაგრამ ასეთი ნებართვა არ არისმიღებული. იმ საქონლის რეკლამას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა ახლდეს აღნიშვნა “სერტიფიცირებულია”. აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. რეკლამა არ უნდა უბიძგებდეს მოქალაქეებს ძალადობის, აგრესიისა და ქაოსისაკენ, არ უნდა მოუწოდებდეს მათ საშიში ქმედებისაკენ, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან დაემუქროს მის უსაფრთხოებას. უცხო ქვეყნიდან საქართველოში გავრცელებული (ტრანსლირებული) რეკლამა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას რეკლამის შესახებ, უნდა აღიკვეთოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამირებისას არასრულწლოვანთა გამოსახულების ან ხმის ნებისმიერი ფორმით გამოყენება. რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე.