მედიაციის პროექტის პრეზენტაცია711 2014.02.11
მედიაციის პროექტის პრეზენტაცია
2014 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მედიაციის ღია კარის დღე გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მიმართა და მედიაციის მნიშვნელობასა და პროექტის უპირატესობაზე ესაუბრა. მედიაცია - ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც მიმართულია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებების გზით. მედიაციისას გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ მხარეები. თავად მედიატორი კი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ეხმარება მხარეებს დიალოგის წარმართვაში, ცდილობს მხარეთა რეალური ინტერესების გამოვლენას და ორივე მხარისათვის ოპტიმალური და მისაღები შედეგის მიღწევას. მედიაციის პროცესი სრულიად კონფიდენციალურია. მედიატორსა და მხარეებს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი მედიაციის მიმდინარეობისას გახდა. მედიატორებმა ერთი წლის მანძილზე ინტენსიური და კომპლექსური ტრენინგები გაიარეს მედიაციაში CEDR-ის (ბრიტანელი ექსპერტები) ასევე, ამერიკელი, გერმანელი და ჰოლანდიელი ექსპერტების ხელმძღვანელობით. შედეგად, თექვსმეტმა მედიატორმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. მოწვეულმა სტუმრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ახალ ცენტრში მედიაციისათვის განკუთვნილი სასესიო ოთახები დაათვალიერეს.