პატიმრების მიმართ სხვადასხვა სახის სპეციალური საშუალების გამოყენება დასაშვები ხდება928 2014.01.27
პატიმრების მიმართ სხვადასხვა სახის სპეციალური საშუალების გამოყენება დასაშვები ხდება
"პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მიხედვით, ხელბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, პატიმრის მიმართ დასაშვები ხდება, ისეთი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი. აღნიშნული პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულებისსამინისტრომ მოამზადა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე განმარტავს, სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის გაფართოება ციხეებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხდება. „რომ არ იყო გაწერილი კანონში სპეციალური საშუალებები, თუ რა შემთხვევაში, რა უნდა გამოყენებულიყო, მოგვცა ის შედეგი, რაც იყო სამწუხარო 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის დროს: რამდენიმე გარდაცვლილი პატიმარი, უამრავი დაჭრილი და დაშავებული. ჩვენ ამ ყველაფერზე უარი ვთქვით და ბუნებრივია, მივდივართ სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ ყველა ის ქმედება, რომელიც კანონიერია , საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულია და ამ მეთოდებით ვმართოთ ციხებები“,-აცხადებს გიორგაძე. პროექტის მიხედვით, "პატიმრობის კოდექსში" განისაზღვრება რა გარემოებების არსებობისას, რა სახის სპეციალური საშუალება უნდა იყოს გამოყენებული და რა წესების დაცვით. ხელბორკილი გამოყენებულ უნდა იქნას საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ან შეიძლება წინააღმდგობა გაუწიოს, ან ცდილობს გაქცევას გაყვანა-გადაყვანისას. ხელბორკილის გამოყენება მაშინაც მოხდება, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია საკუთარ თავს ან სხვას მიაყენოს ზიანი. დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ იქნება გამოყენებული, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ან შეიძლება წინააღმდგობა გაუწიოს, ან გამოხატავს აგრესიას, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით მოხდება. რეზინის ხელკეტი და წიწაკის გაზი პატიმრის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან სხვა მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით გამოიყენება. კანონპროექტის მიხედვით, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ გარშემომყოფთა მიმართ, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მასობრივი არეულობის ან ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად გამოიყენება. პროექტში გაწერილია ის შემთხვევებიც, როდესაც ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის, წყალსატყორცნი საშუალებების და სასამსახურო ძაღლის გამოყენება უნდა მოხდეს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია. სპეციალური საშუალების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. წყარო news.ge