მსჯავრდებულის მიერ ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობა1408 2014.01.23
მსჯავრდებულის მიერ ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობა
მოქმედი კანონმდებლობით მსჯავრდებულებს 3 სახეობის პაემნის უფლება გააჩნიათ: ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემანი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია სისტემატური კონტაქტი იქონიოს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ხანმოკლე პაემნის საშუალებით. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელსიხდის ნახევარად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო დახურული ტიპის დაწესებულების შემთხვევაში 1 პაემანი. არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია ხანმოკლე პაემნით თვეში ოთხჯერ ისარგებლოს, ქალ მსჯავრდებულს კი - თვეში სამჯერ. ბრალდებული 1 თვის განმავლობაში სარგებლობს არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნისა, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 საათს. პაემნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. მსურველმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახლო ნათესავების წრეს განეკუთვნება: შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი. აგრეთვე ის პირი, რომელიც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში.