წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების და რეალიზაციის კონტროლი გამკაცრდა883 2013.12.26
წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების და რეალიზაციის კონტროლი გამკაცრდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობით წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. განცხადებაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კანონით დაწესებულისანქციების შესახებაც საუბრობს, რაც დაკავშირებულია ბუნებრივი წიწვოვანი სახეობების ახალგაზრდა ნარგავების მოჭრასა და საახალწლო ნაძვის ხეებად გამოყენების მიზნით მათ რეალიზაციასთან. "სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუკი ქმედება ხორციელდება დაცული ტერიტორიის ფარგლებში, ჯარიმის ოდენობა იზრდება 400-დან 500 ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე", - ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, კანონით ისჯება ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო (კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე) ტრანსპორტირება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, შესაძლოა, ასევე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. დასჯადია ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევა და იგი 200 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. "გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის აღნიშნული ზომებისა, ხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებაც. თუკი გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს, ან აღემატება 1000 ლარს, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა", - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტრო ასევე შეახსენებს მოქალაქეებს, რომ წიწვოვნების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო, საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავოს თავი წიწვოვანი ნარგავების მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით. ერთი მხრივ, დაიცვან გარემო, მეორე მხრივ, თავიდან აიცილონ ის უსიამოვნო შედეგები, რაც მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას შეიძლება მოჰყვეს. "ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის ბუნებას და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ ჩვენს მომავალს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. წყარო www.bpn.ge