სიახლეები პენიტენციურ სისტემაში710 2013.12.18
სიახლეები პენიტენციურ სისტემაში
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს, წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი 42%-ით გაიზარდა. მინისტრის თქმით, ერთ სულ მსჯავრდებულზე ჯანდაცვის წლიური დანახარჯი 180 აშშ დოლარიდან საშუალოდ 760 აშშ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება, C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემისთვის შემუშავდა და ხორციელდება, სუბარმა განაცხადა, რომ პროგრამა წლის განმავლობაში უზრუნველყოფს 12 000 ადამიანის გამოკვლევას, 500 პაციენტის მკურნალობას და 5000 ადამიანის B ჰეპატიტზე ვაქცინაციას. ამასთან, WHO რეკომენდაციების თანახმად, შეიქმნა პენიტენციური ჯანდაცვის მედიკამენტების სტანდარტი და გაუმჯობესდა მედიკამენტებით მომარაგება. მინისტრის თქმით, ფარმაცევტული დანახარჯი ერთ პატიმარზე წელიწადში 23 ლარიდან 128 ლარამდე გაიზარდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შეიქმნა და დაინერგა პატიმართა კვების ახალი სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს 12 მიზნობრივ რაციონს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. სუბარის ინფორმაციით, ამჟამად სამინისტრო 24 ასეთ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ბათუმის მესამე დაწესებულების რეკონსტრუქცია, დაბა ლაითურში შენდება 574 მსჯავრდებულზე გათვლილი მაღალი რისკის დაწესებულება. ასევე, თითქმის დასრულებულია №16 დაწესებულების მშენებლობა, სრული რეკონსტრუქციის შედეგად გაიხსნა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სპეციალური დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც ექსპლუატაციაში შევიდა სკოლის ახალი შენობა. გარდა ამისა, ქსნის #15 დაწესებულებაში დასრულდა ახალი საკარანტინო და სამარტოო საკნების სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ქუთაისის #2 დაწესებულებაში დასრულდა საზოგადოებრივი მისაღების სამშენებლო სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, ყველა დაწესებულებაში გარემონტდა და მოეწყო პირველადი ჯანდაცვის ოთახები. ამასთან, ყველა დაწესებულების საცხოვრებელი ფართი ევროპული სტანდარტების დაცვით, მინიმუმ 4 კვადრატული მეტრია. №6 დაწესებულებასა და ლაითურის დაწესებულებაში კი იგეგმება საკნის ფართობის გაზრდა 7 კვ.მ - მდე თითოეულ მსჯავრდებულზე. წყარო www.bpn.ge