500 ლარიანი კომპენსაციის შესახებ ცვლილება პირველი იანვრიდან ამოქმედდება798 2013.12.16
500 ლარიანი კომპენსაციის შესახებ ცვლილება პირველი იანვრიდან ამოქმედდება
2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით უნდა დაენიშნოს "საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს. კონპენსაცია დაენიშნება ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისათვისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია პროპორციული განაწილების წესით ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს - მშობლებს, მეუღლეს, შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილებს. მოქალაქეებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პირთა წრეს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს. კომპენსაცია ინიშნება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. წყარო "ინტერპრესნიუსი"