იუსტიციის სახლი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს1092 2013.12.05
იუსტიციის სახლი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
როგორც ცნობილია, 3 დეკემბერს 15 საათისთვის თბილისის იუსტიციის გარე სახურავის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. საბედნიეროდ, ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა. მოხდა შენობის ევაკუაცია, ხოლო პერიმეტრს ახლაც იცავს პატრული გარე სახურავის იმ ადგილებში, რომელთაუსაფრთხო ხასიათიც ჯერ ბოლომდე უზრუნველყოფილი არ არის. 3 დეკემბრის ღამეს, თბილისში ჩამოფრინდა იტალიური კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც შენობის სახურავის მშენებლობაში მონაწილეობდა. მან იუსტიციის მინისტრთან ერთად ინციდენტის ადგილი დაათვალიერა და სახურავის კონსტრუქციის შეფასებით სამუშაოებს შეუდგა. ეს სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და მათი დასრულების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას. 4 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დარბაზი (ე.წ. წინა ხაზი), მოქალაქეთა და იქ მომუშავე თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დახურულად გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრსა და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს (ე.წ. უკანა ხაზი) მუშაობა არ შეუწყვეტიათ. სერვისების განვითარების სააგენტოს ბეჭდვითმა ცენტრმა გააგრძელა მუშაობა, ხოლო, საჯარო რეესტრის თანამშრომლების უშუალო ძალისხმევით, ამ სსიპ-ის პერსონალი სხვადასხვა შენობაში გადანაწილდა. არც ერთ ამ სსიპ-ს დაგვიანებული სამუშაო არ აქვს. 4 დეკემბერს დღის განმავლობაში სპეციალურად გახსნილ პუნქტში, იუსტიციის სახლმა 250 დოკუმენტი გასცა. ვინაიდან მოქალაქეთა მომსახურება კვლავ პრობლემად რჩებოდა, 4 დეკემბერს საღამოს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით, 120 მოქალაქეს შინ მიეწოდა ის დოკუმენტი, რომელიც მათზე გუშინ და დღეს იუსტიციის სახლში უნდა გაცემულიყო. 109 მოქალაქემ დოკუმენტის შინ მიტანაზე უარი განაცხადა, ხოლო 113 სხვა პირი მიუწვდომელი აღმოჩნდა. დღეს დილიდან, თბილისის იუსტიციის სახლში ბრუნდებიან და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საჯარო რეესტრის, სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლის ის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებისათვის ე.წ. უკანა ხაზის სამუშაოებს უზრუნველყოფენ. თბილისის იუსტიციის სახლის სართულებზე განლაგებული ოფისების სივრცე, ექსპერტების შეფასებით, მყარია. კერძოდ, ფუძე, საძირკვლებისა და ძირითადი კონსტრუქციის მდგრადობა და მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია. შენობაში აგრეთვე ბრუნდება იუსტიციის სახლის ქოლ ცენტრი (2405 405), რომელიც ბოლო 48 საათის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობიდან ემსახურებოდა მოქალაქეებს. თბილისის იუსტიციის სახლში თავიანთ ოფისებს დროებით განათავსებენ იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე და შენობაში დაბრუნებულ თანამშრომლებთან ერთად გააგრძელებენ საქმიანობას. ამრიგად, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება თბილისის იუსტიციის სახლში მომუშავე თანამშრომლების დიდი ნაწილი. თუმცა, ამ ეტაპზე, მოქალაქეების მისაღებად თბილისის იუსტიციის სახლის დარბაზი მზად ჯერ არ არის. მისაღებ დარბაზში ვერც იქ მომუშავე თანამშრომლები დაბრუნდებიან. 8 დეკემბერს, თბილისში ჩამოვა იტალიელ ტექნიკოს-ექსპერტთა დამატებითი ჯგუფი, რომლის შეფასების შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უსაფრთხო იქნება ე.წ. წინა ხაზის თანამშრომლებისა და იმ 7800 მოქალაქისთვის, რომელიც იქ ყოველდღიურად იყრის თავს. მოქალაქეებისთვის სერვისები აღდგენილია ამ პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეებისათვის იუსტიციის სახლის სერვისების გაცემა არ წყდება. ყურადღება! სერვისები დაიყოფა ორად - საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში: აღსრულების ეროვნული ბიურო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, 9:00საათიდან; იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრის, თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე მუშაობის რეჟიმის შესახებ ინფორმაცია დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია დედაენის ბაღში არსებული სერვისცენტრიდან 9 საათიდან 21 საათამდე. საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველანოტარიუსთან, ლიბერთიბანკის27 და საქართველოს ბანკის 10 ფილიალში. მადლობა პირველ რიგში მადლობა ეკუთვნით იმ მოქალაქეებს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ იუსტიციის სახლისგან დამოუკიდებლად შექმნილ პრობლემებს. იუსტიციის სამინისტრო და უწყების თანამშრომლები დიდ მადლობას უხდიან სწრაფი დახმარებისათვის საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობას, საქართველოს ფოსტას, აგრეთვე ყველა იმ ბანკს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა მოქალაქეთა ინტერესში იუსტიციის სახლის დახმარებისათვის. იუსტიციის მინისტრი მადლობას უხდის უწყების თითოეულ იმ თანამშრომელს, რომელმაც, ბოლო 48 საათის განმავლობაში, პრობლემების გადაჭრაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ერთ გუნდად მუშაობის საუკეთესო მაგალითი აჩვენა.