სასამართლოში საქმის განხილვის ვადები3283 2013.11.26
სასამართლოში საქმის განხილვის ვადები
სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე. ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს, ხოლო პატიმრობის საერთო ვადა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ჩათვლით, განაჩენისგამოტანამდე _ 9 თვეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-293-ე მუხლების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, იმავე სასამართლოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, ხოლო სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში გამოაქვს განაჩენი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 და 302-ე მუხლების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, იმავე სასამართლოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეებს, მოსამართლე ვალდებულია, სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. რაიონული (საქალაქო) სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვეში, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა. ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის შესახებ საქმეები, განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვეში. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება გასაჩივრების ვადის ათვლის ერთნაირი წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ, ან ეცნობა რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში