ქალთა შრომითი უფლებები ახლებურად დარეგულირდება745 2013.10.22
ქალთა შრომითი უფლებები ახლებურად დარეგულირდება
22 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შრომის კოდექსის ცვლილებათა პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების,სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს პროფესიული კავშირების, ბიზნესსექტორისა და საქართველოში არსებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. კონფერენცია გაეროს პროგრამის - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით ახორციელებს. კონფერენცია საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გახსნა. თეა წულუკიანმა ქალთა უფლებების კუთხით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ საკითხსაც შეეხო, თუ რატომ გახდა საჭირო შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ეტაპის განხორციელება. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა გაეროს პროგრამების ხელმძღვანელი სოფიო ქემხაძე. შრომის კანონმდებლობის რეფორმის მეორე ეტაპი ახლებურად არეგულირებს ქალთა შრომით უფლებებს. ამ კუთხით, კანონპროექტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თანაბარი პირობების ფარგლებში თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა; ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრა; ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დროს დარეგულირება; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას თანხმობის სავალდებულოობა; ღამით მუშაობის შეზღუდვა ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის; დამატებითი შესვენება მეძუძური ქალისთვის; შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; შრომითი პირობების დაცვა და სხვ. კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დასაქმებულთა გაერთიანებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მათი მოსაზრებები, შეხედულებები და რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული. კანონპროექტის პირველი ვარიანტი გამოქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, სადაც ცალკეულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ კომენტარები, რაც შემდგომში გათვალისწინებული იქნება კანონპროექტზე მუშაობისას.