OK & CG–მ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა1251 2013.09.28
OK & CG–მ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
როგორც მოგეხსენებათ საადვოკატო ბიურო OK & CG–მ გასულ ზაფხულს ჩაატარა კონურსი, რომელიც მიზნად ისახავდა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემოდათ შესაძლებლობა, გამოექვეყნებინათ საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე შექმნილი რეფერატები, სტატიები და სამეცნიერო ნაშრომები და გაეცნოთ ისინი ფართო საზოგადოებისათვის. ასევე, მოეხდინა მათი წახალისება და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა. აღნიშნულ კონკურსს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა და მასში, საერთო ჯამში, 30 ახალგაზრდა ჩაერთო. კონკურსის მონაწილეებისა და გამარჯვებულების დაჯილდოვება დღეს ჩვენს ოფისში გაიმართა. საადვოკატო ბიურო OK & CG–ის დირექტორმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა, სამი გამარჯვებული კი შესაბამისი პრიზებითაც დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილი: ლაშა თვარაძე – ერთწლიანი უფასო სტაჟირება საადვოკატო ბიურო OK & CG–ში მეორე ადგილი: სიმონ ტაკაშვილი – ელექტრონული წიგნების წამკითხველი Kindle მესამე ადგილი: ნინო აშორდია – იურიდიული ლიტერატურის ნაკრები კონკურსს ორი გამორჩეული მონაწილეც ჰყავდა, მარიამ ჭაჭუა და გიორგი შერმადინი. ნაშრომების რაოდენობის მიხედვით ორივე მათგანი გამარჯვებულთა შორის უნდა ყოფილიყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამჟამად ჩვენი სტაჟიორები არიან, ჩვენი მიუკერძოებლობა რომ ეჭვქვეშ არ დამდგარიყო, გადავწყვიტეთ მათთვის ასეთი აქტიურობა განსხვავებულად დაგვეფასებინა და მათი წახალისება სხვაგვარად მოგვეხდინა. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მონაწილეებსა და ბიუროს გუნდის წევრებს შორის საინტერესო დისკუსიაც გაიმართა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სტუდენტებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და პრაქტიკოსი იურისტების რჩევებიც მოისმინეს. საადვოკატო ბიურო OK & CG მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს გამოჩენილი აქტიურობისათვის და ჩვენი ბიუროს ბლოგის საინტერესო ნაშრომით გამდიდრებისათვის. ბიურო მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შესთავაზებს როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებსაც. აღნიშნული კონკურსის მონაწილეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ პირად და საქმიან ცხოვრებაში! ვიმედოვნებთ, რომ თითოეულ მათგანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ.