დაუშვებენ თუ არა ვიდეოგადაღებას სასამართლოში? 726 2012.11.13
დაუშვებენ თუ არა ვიდეოგადაღებას სასამართლოში?
საკანონმდებლო სისტემაში მუშავდება ახალი ინიციატივა, რომლის თანახმადაც სასამართლო უნდა გახდეს მეტად საჯარო და საზოგადოებას შეეძლოს მასზე ინფორმაციის მოპოვება საინფორმაციო საშუალებებიდანაც კი. საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ – შესატანი ცვლილების მიხედვით –„სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო/ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობა მხარეებისთვის ან/და სხვა პირთათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, აუდიო/ვიდეო ჩანაწერის ასლი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.“ „საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო -, აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.“ „სასამართლოს თანხმობით, სასამართლო სხდომის ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო -, აუდიო ჩაწერის უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, მხარეებს ან/და სხვა პირებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული განჩინებით .“ სასამართლოს მიუკერძოვებლობისა და სამართლიანობისთვის არა ერთი პრევენციული ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი მეტად დაიხვეწოს და დაცული იყოს ადამიანის უფლებები.