ჩვეულებითი სამართალი, როგორც სამართლის წყარო6353 2022.02.16
ჩვეულებითი სამართალი, როგორც სამართლის წყარო

 სამართლის წარმოშობის საკითხის კვლევისას აუცილებლად წავაწყდებით ტერმინს „სამართლის წყარო“, შესაბამისად იბადება კითხვა, თუ რა არის სამართლის წყარო?მსგავსად სამართლისა , სამართლის წყაროს მრავალაზრობრივი მნიშვნელობა აქვს , შესაძლოა სამართლის წყაროს გაგება ,როგორც ძალების, რომლებიც ქმნიან სამართალს (სახელმწიფო ხელისუფლება , ხალხის ნება ) , ასევე სამართლის წყაროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ  ისტორიული ძეგლები, საბუთები , რომლებიდანაც ჩვენ ვეცნობით ამა თუ იმ სამართალს,  მაშასადამე , სამართლის წყარო გაგებულია, როგორც სამართლის შეცნობის საშუალება . „სამართლის წყაროში“ შესაძლოა იგულისხმებოდეს ის მატერიალური მდგომარეობა , რომელიც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ კანონმდებლობას ( რომის სამართალი საფუძვლად უდევს გერმანიის სამოქალაქო კოდექსს). თანამედროვე პერიოდში ტერმინი „სამართლის წყარო“ უნდა გავიგოთ , როგორც სამართლის ნორმის შინაარსის განმსაზღვრელი, როგორც დადგენისა და გადმოცემის ფორმა.თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ პოზიტიური დაწერილი სამართალი ყოველთვის არ არსებობდა, შესაბამისად ისმის კითხა: რის საფუძველზე წესრიგდებოდა ხალხთა შორის ურთიერთობა? ამ კითხვაზე პასუხი ჩვეულებითი სამართალია.ამ სტატიის მიზანი კი სწორედ  სამართლის უძველესი წყაროს , ჩვეულებითი სამართლის, განხილვაა. 

ჩვეულებითი სამართალი ჩამოყალიბდა დაუწერელი ქცევის წესების ერთობლიობის სახით. ის თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა  და ხალხის ისტორიულ ცნობიერებაში ყოფიერებდა . ჩვენთვის ცნობილია, რომ დამწერლობის შექმნამდე კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ენა იყო და , შესაბამისად, სამართლის ეს წყაროც ვერბალური ფორმით ყალიბდებოდა. საწყის ეტაპზე ადამიანთა შორის ურთერთობის ერთადერთი მოსაწესრიგებელი საშუალება ჩვეულება  იყო და უძველეს პერიოდში ის გვევლინებოდა, როგორც სამართალი .მის ეფექტურობას ადასტურებს ცნობილი რომაელი ჰერმოგენიანეს სიტყვები, რომლის თანახმადაც: „ იმას, რაც დიდი ხნის წინ ჩვეულებით არის მოწონებული და რასაც მრავალი წლის მანძილზე იცავს, როგორც მოქალაქეთა შორის მდუმარე შეთანხმებას, არანაკლები ძალა აქვს, ვიდრე კანონს.“  ჩვეულება ორი სახისაა : სამართლებრივი და არასამართლებრივი . სამართლებრივი ჩვეულება სახელმწიფოს მიერ არის სანქცირებული და გარანტირებული. იგი ქმნის ჩვეულებით სამართალს . არასამართლებრივ ჩვეულებას არ აქვს იურიდიული ძალა . მათი შესრულება ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით . ჩვეულებითი სამართლის შესწავლა და სამართლის დამოუკიდებელ წყაროდ აღიარება მოხდა მე-19 საუკუნეში . მე-19 საუკუნემდე ბატონობდა თეორია, რომელიც სამართლის ერთადერთ დამოუკიდებელ ფორმად თვლიდა კანონს . ამ თეორიას საფუძვლად ედო ბუნებითი სამართლის სკოლის წარმოდგენა , რომლის მიხედვით სამართლის უკანასკნელ წყაროს შეადგენდა გონება , რომელიც თავისი ლოგიკური ძალით ქმნიდა სამართალს. ამიტომ , სამართალი მიჩნეული იყო , როგორც კანონმდებლის თავისუფალი და დამოუკიდებელი აქტი, რომელიც არ ემორჩილებოდა ისტორიულად მოცემულ ობიექტურ პირობებს . თავისთავად ცხადია, რომ ასეთი თვალსაზრისით ყველაფერი , გარდა კანონისა, კარგავდა დამოუკიდებელ მნიშვნელობას და მიჩნეული იყო, როგორც კანონისგან დამოკიდებული, მისგან გამომდინარე . ამგვარი მნიშვნელობა ეძლეოდა ჩვეულებით სამართალს . მის არსებობას და მოქმედებას ხსნიდნენ იმ გარემოებით , რომ კანონმდებელი ადასტურებს ადათებს . ამ გზით წარმოიშვა გავრცელებული ფიქცია, რომ ადათს, ხალხის ჩვეულებას აქვს სავალდებულო ძალა იმდენად, რამდენადაც მას სცნობს და ეთანხმება კანონმდებელი . ამავე დროს ასხვავებდნენ თანხმობის ორ სახეს : საერთო თანხმობა - როდესაც კანონმდებელი ცნობს ყველა ადათებს და კერძო თანხმობა - როდესაც ეს თანხმობა ეხება ყოველ ცალკე ადათს . ეს ფიქცია გულისხმობს  ჩუმი კანონმდებლობის არსებობას, რომელიც დაუშვებელია, რადგან ყოველივე კანონმდებლობა წარმოადგენს კანონმდებელის ნების გამოაშკარავებას ცხადად და გარკვეულ ფორმაში .  ჩვეულებითი სამართალი კი ხშირად მოქმედებს ისე, რომ კანონმდებელს არც კი შეუძლია გამოაცხადოს თავისი თანხმობა მის გამოყენებაზე . თანხმობა გულისხმობს ნებით აქტს და ამავე დროს იმ საგნის ცოდნას, რომელზედაც ის მიმართულია . მაგრამ , აშკარაა, რომ კანონმდებელს არ შეუძლია იცოდეს ყოველივე მისგან დამოუკიდებლად არსებული ჩვეულება, (მაგალითად,ადგილობრივი ჩვეულება).

ისტორიულმა სკოლამ უარყო ზემოთ აღნიშნული შეხედულება საერთოდ სამართალზე და კერძოდ ჩვეულებით სამართალზე და წამოაყენა იურიდიული ცხოვრების ორგანული თეორია . ამ თეორიის მიხედვით სამართალი წარმოიშვება და ვითარდება შინაგანი აუცილებლობით „ ხალხის სულიდან“. ისტორიული სკოლის მოძღვებაში ჩვეულებითმა სამართალმა მოიპოვა არა მარტო დამოუკიდებელი, არამედ ერთადერთი ნორმალური უპირველესი წყაროს მნიშვნელობა . ადათობრივი სამართალი  თვითონ შეიცავს თავის საფუძველს და წარმოადგენს სამართლის პირვანდელ ფორმას . 

როდესაც განვიხილავთ ჩვეულებით სამართალს , აუცილებელია იმ დამოკიდებულების გამორკვევა , რომელიც არსებობს სამართლის ამ ფორმასა და კანონს შორის . ამ საკითხს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ისტორიული, ისე დოგმატური თვალსაზრისით . ჩვეულებითი სამართალი კანონთან შედარებით უფრო ძველი ფორმაა სამართლისა . ის წინ უსწრებს კანონს. მაგრამ, რადგან  მათ შორის , მიუხედავად განსხვავებისა , არ არსებობს გარდაუვალი ზღვარი, ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვეულებითი სამართლის წყაროთა შორის ჩვენ ვნახულობთ კანონს . ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი მაშინ, როცა კანონი კარგავს თავის პირვანდელ სახელს ხალხის მეხსიერებაში და გადადის ჩვეულებით  სამართალში . მაგალითად, კავკასიის მთიულთა თანამედროვე ადათობრივ სამართალში დაცულია ბევრი წესი, რომლებიც გადმოღებულია რომის, საბერძნეთის კანონმდებლობიდან . სავსებით შესაძლებელია ასევე, რომ ჩვეულებითი სამართლის ნორმა  საკანონმდებლო ნორმის საფუძველიც იყოს, რის საილუსტრაციოდაც შეგვიძლია მოვიყვანოთ კომერსანტებს შორის დუმილით გარიგების დადების წესი, რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობაში გადმოვიდა ჩვეულებითი სამართლიდან, ასევე ახლად არჩეული პარლამენტის სხდომას პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მანდატის მქონეთა შორის უხუცესი უძღვება, ვიდრე თავმჯდომარეს აირჩევენ. უხუცესის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება და მისი მეთაურად არჩევა, ცხადია, ჩვეულებაა, რომელმაც ასახვა ჰპოვა თანამედროვე სამართალში. აღნიშნული მაგალითები აბათილებს საზოგადოების ნაწილში არსებულ მოსაზრებას,რომ თითქოს ჩვეულებები მხოლოდ პრიმიტიული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. აშკარაა, რომ ისინი დღევანდელ მაღალკულტურულ სამყაროშიც აქტიურია, თუმცა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სუბსიდიალურად, რაც გულისხმობს იმას, რომ ადათი, ჩვეულება შეიძლება ავსებდეს კანონს ხარვეზის არსებობისას. სხვადასხვა ქვეყნებში ჩვეულების გამოყენების საზღვრებს განსხვავებულად ადგენენ. მაგალითად, ფრანგი იურისტის, მ. ორიუს აზრით, ჩვეულების სამართლის წყაროდ მიჩნევისათვის არსებითია, რომ ის იყოს ამა თუ იმ ნაციონალური ინსტიტუტის ფუნქციონირების შედეგი. 

შიდასახელმწიფოებრივი სამართლისგან განსხვავებით  ჩვეულებას შედარებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო სამართალში , მეტიც ის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს . ჩვეულებითი ნორმა აღიარებულია ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ , ის თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ფასეულობას განამტკიცებს . საერთაშორისო სამართლის სუბიექტები  ხელშეკრულებით ვერ გადაუხვევენ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმებს (იმპერატიული ნორმაა) , მაგალითად , მსგავსი სახის ნორმებია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და ადამიანის ძირითადი უფლებები ( წამებისა და მონობის აკრძალვა) . 

საერთაშორისო-სამართლებრივი ჩვეულება ყალიბდება სახელმწიფოთაშორისი პრაქტიკის შედეგად, რომლებიც აღიარებენ ამ ქცევის წესის სავალდებულო ძალას დუმილით ან ოფიციალური განცხადებით ( მთავრობის დეკლარაცია და სხვ.) . ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვეულების ჩამოყალიბებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება( ზოგჯერ საუკუნეებიც კი ) , მაგრამ დღეს ისეთი წესიც გვხვდება , რომელსაც ნორმად ჩამოყალიბებისატვის წამები დასჭირდა .მაგალითად , ასე მოხდა მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში თანამგზავრი გაუშვა, რომელმაც სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცეს გადაკვეთა , ეს არე კი მანამდე კონკრეტული სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ მყოფ სივცრედ ითვლებოდა . საბოლოოდ , სახელმწიფოები შეთანხმდნენ , რომ ყველა ქვეყანას შეეძლო  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განეხორციელებინა ნებისმიერ საჰაერო სივრცეში , კაცობრიობის ეს უდიდესი მიღწევა სწორედ ჩვეულების საფუძველზე ჩამოყალიბდა . 

მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ჩვეულებით სამართალს, როგორც სამართლის ერთ-ერთ წყაროს,  აღიარებს ქართული სამოქალაქო სამართალი და იგი განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსში, კერძოდ მეორე მუხლის მეოთხე ნაწილში : „ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს“. ყურადღება უნდა მივაქციოთ მუხლის მეორე ნაწილს , რომელიც მკაცრად განსაზღვრავს მისაღები ჩვეულების ფორმას , მაგალითად , დაუშვებელია საცოლის მოტაცება მივაკუთვნოთ მისაღებ და რელევანტურ ჩვეულებას . სამოქალაქო სამართლისგან განსხვავებით სამართლის ზოგიერთ დარგში ( მაგალითად, სისხლის სამართალში ) ჩვეულებითი სამართლის გამოყენება არ დაიშვება , ეს კი განპირობებულია ნაკლები შემწყნარებლობით. 

 საბოლოოდ, შეიძლება ითქვას,რომ ჩვეულებით სამართალს სამართლის წყაროთა სისტემაში არ უკავია განსაზღვრული რანგი, ერთ-ერთ მიზეზად თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის,რომ  ჩვეულება მრავალ მიუღებელ ტრადიციას შეიცავს.ჩვეულების სრული სახით კანონში ასახვამ შესაძლოა სამართალს თავისი ხიბლი დაუკარგოს, რადგან ნებისმიერი ჩვეულება, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი სახით მოქმედებს, თანაც ტერიტორიული ნიშნით. მიუხედავად ამისა,ჩვეულებით სამართალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე იურიდიულ ცხოვრებაში. კანონმდებლობას არ შეუძლია ამოწუროს იურიდიული ცხოვრების ყველა დამოკიდებულება, თუნდაც ის არ იქნეს ზედმიწევნით სრული და მაღალი ხარისხისა. ცხოვრება ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე კანონმდებლობა და წარმოშობს დამოკიდებულებებს , რომლებიც მოითხოვენ მათ მოწესრიგებას . მოსამართლე ვალდებულია გადაჭრას არსებული სადავო საკითხი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სათანდო კანონი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს არ აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებამდე იმ შემთხვევაშიც,თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია. ამ შემთხვევაში საკითხის სწორად გადაწყვეტის უზრუნველყოფა, ვფიქრობ, სწორედ ჩვეულებითი სამართლის დახმარებითაა შესაძლებელი. ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ სახელმწიფოში მოსახლეობა იმდენად მრავალგვარია, რომ ერთი და იგივე კანონმდებლობა ყველა მისი ნაწილებისათვის არ გამოდგება , ამიტომ იმ ხალხებს, რომლებიც ჯერჯერობით დგანან სამოქალაქო ცხოვრების დაბალ საფეხურზე, ეძლევათ უფლება იხელმძღვანელონ მათ იურიდიულ ურთიერთობაში დადგენილი ადგილობრივი ადათობრივი წესებით. 

 

ბიბლიოგრაფია: 

1.ალ.ვაჩეიშვილი, სამართლის ზოგადი თეორია, გვ 62

2. თამარ ალაფიძე, შესავალი სამართალმცოდნეობაში

3. ლ. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, გვ 99 

4. გ.ხუბუა, სამართლის თეორია, 2015 წ, გვ158-159


 

 ნიკა ხორავა: თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი 

 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.