შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები1623 2021.05.28
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ითვლება ადამიანი, ვისაც აქვს ხანგრძლივი ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევა. საქართველო ამ კონვენციას მიერთებულია 2014 წლიდან და წევრ სახელმწიფოებს UNCRPD აკისრებს ვალდებულებას ხელი შეუწყონ, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა არა მხოლოდ საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა/გაძლიერებით, არამედ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება შემლახავი პრაქტიკების შეცვლით.

რა უფლებებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები?

2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის თანახმად, სხვა პირების მსგავსად მათაც აქვთ შემდეგი უფლებები: სიცოცხლის; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის; კანონის წინაშე თანასწორობის; პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების; სასჯელისაგან თავისუფლების; პიროვნების ხელშეუხებლობის; მოქალაქეობისა და გადაადგილების; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის; დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის; აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის; საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის; ჯანმრთელობის; შრომისა და დასაქმების; განათლების და სხვა. ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს.

როგორ იცავს საქართველოს კანონმდებლობა შშმ პირთა უფლებებს?

საქართველოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ სოციალურ დაცვას და ქმნის საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის; შშმ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით; სახელმწიფო ცნობს ჟესტების ენას პიროვნებებს შორის ურთიერთობის საშუალებად და უზრუნველყოფს აუცილებელი პირობების შექმნას მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის; დაუშვებელია: დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს; სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია; შექმნილი უნდა იყოს აუცილებელი პირობები განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის; შშმ პირებს უფლება აქვთ დასაქმდნენ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ასევე საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით შრომით ურთიერთობაში აკრძალულია დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება თანხმობის გარეშე.

სოციალური დახმარება შშმ პირებისთვის

დახმარება შესაძლებელია იყოს როგორც ფინანსური სახით, მაგალითად: ფულადი დახმარება; პენსია, ასევე ტექნიკური საშუალებებით - სავარძელი და სხვა სახის დამხმარე საშუალებები. იურისტებს ხშირად მიმართავენ კითხვით, აქვს თუ არა შშმ პირს უფლება სოციალური დახმარების მიღების პარალელურად აიღოს ხელფასი, ისე რომ არ დაკარგოს დახმარება. კერძო დაწესებულებებში ეს შესაძლებელია ხოლო რაც შეეხება საჯარო დაწესებულებას ამ შემთხვევაში პირს უწყდება სოციალური პაკეტი საქმიანობის განხორციელების პერიოდში. თუ დაირღვა თქვენი უფლებები და არ იცით როგორ მოიქცეთ შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები: შეზღუდული შესაძლებლობები თუ განსხვავებული შესაძლებლობები?სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშის შესახებ