ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება 1082 2020.01.17
ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაასრულა.

 

ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისთვის ჯარიმები 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე იქნება.

 

იმ შემთხვევაში, თუ მავნე ნივთიერებების გაფრქვევა ჰაერში დასაშვებ ნორმას ხუთჯერ აღემატება, ჯარიმის ოდენობა 5 ათასი ლარი იქნება, თუ ათჯერ – 15 ათასი ლარი, ხოლო თუ ათზე მეტჯერ – 45 ათასი ლარი. კანონის ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები იზრდება.

 

ასევე კომპანიები, რომელთა საქმიანობამაც შეიძლება ჰაერის დაბინძურება გამოიწვიოს, ვალდებული არიან, უწყვეტ რეჟიმში აწარმოონ თვითმონიტორინგი. ტექნიკური გადაიარაღებისა და შესაბამისი ტექნიკის შესაძენად ამ კომპანიებს ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე ეძლევა.

 

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ ჩაატარებს თვითმონიტორინგს, საჯარიმო სანქციების ოდენობა პირველ ეტაპზე იქნება 10 ათასი ლარი, გამეორების შემთხვევაში – 20 ათასი ლარი, ხოლო თუ წელიწადში მესამე დარღვევა დაფიქსირდება – 40 ათასი ლარი.

 

ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონში, მას შემდეგ, რაც მას მთავრობა დაამტკიცებს, განსახილველად პარლამენტს წარედგინება.