შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის განმარტება1909 2019.11.27
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის განმარტება

საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესს განსაზღვრავს. 

 

კანონი აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

 

შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას. 

 

 „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;

 „მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით;

 

 ამ კანონით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა  გადაკეტილია შეკრებისაგან ან მანიფესტაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

 

 

 შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;

ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;

დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;

ე ) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის

 

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის სათანადო პირობები და განსაზღვრონ ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.

სახელმწიფო დაწესებულებებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს უფლება არა აქვთ, ხელი შეუშალონ ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციასა და ჩატარებას, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას.

 

 

შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონთან ერთად განვმარტავთ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალურ ტერმინსაც. :)

პიკეტირება

ნიშნავს რისამე დაცვას პიკეტების საშუალებით; პიკეტების დაყენებას სადმე.

პიკეტი

არის:

1. პატარა საგუშაგო რაზმი.
2. კაპიტალისტურ ქვეყნებში: გაფიცულ მუშათა ჯგუფი, რომელიც საწარმოს შესასვლელთან მორიგეობს, რათა სამუშაოზე არ დაუშვას შტრაიკბრეხერები; დემონსტრანტების ჯგუფი, რომელიც დემონსტრაციას იცავს თავდასხმისაგან და ამყარებს წესრიგს.
3.გეოდ. ადგილის წერტილი, რომელიც გარკვეული მანძილით არის დაშორებული სხვა ასეთ წერტილებს და დანიშნულია მიწაში ჩარჭობილი პალოთი; ნომრიანი პალო, რომელიც ჩარჭობილია მიწაში ნიველირების დროს და რჩება იქვე შემდეგი სამუშაოებისათვის.