არბიტრაჟი - დავა სასამართლოს გარეშე4842 2018.11.16
არბიტრაჟი - დავა სასამართლოს გარეშე

შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ კერძო დავის გადასაწყვეტად ყოველთვის სასამართლოში წასვლა საჭირო არ არის. უკვე რვა წელია, საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, კერძო არბიტრაჟი  მოქმედებს და მას, სასამართლოსთან შედარებით რამდენიმე დადებითი მხარე აქვს, თუმცა დაბალი ნდობისა და არბიტრთა მწირი გამოცდილების გამო, ამ ინსტიტუტს არც ისე ხშირად მიმართავენ.   

 

 თუმცა, რადგანაც ეს ინსტიტუტი არსებობს, მოდი, უფრო დეტალურად გავეცნოთ, რა არის არბიტრაჟი და რა მინუს-პლუსები აქვს ამ უკანასკნელს დავების გადაწყვეტისას.

 

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საქმე შეიძლება განიხილოს არა მხოლოდ სასამართლომ, არამედ არბიტრაჟმაც.

 

უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟი შედარებით ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული.

არბიტრაჟი არის დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება,  რომლის ფარგლებშიც  მხარეები ხელშეკრულების დადების ან შემდგომ თანხმდებიან დავის  საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ განხილვის შესაძლებლობაზე.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებისაგან  არის საბოლოო და მხარეთათვის სავალდებულო ძალის მქონე. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობას ახდენს სააპელაციო სასამართლო კანონით დადგენილი წესით.

გაითვალისწინეთ, რომ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვა ხდება იმ შემთხვევაში თუ მხარეები ხელშეკრულებით პირდაპირ შეთანხმდებიან აღნიშნულ წესზე, კონკრეტულ იდენტიფიცირებად არბიტრაჟზე. ასეთ პირობებში სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი განიხილოს მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება რიგ შემთხვევაში საფრთხის შემცველია პირისთვის,  რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების სუსტ მხარეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში იგი  არასათანადოდაა ინფორმირებული ხელშეკრულების პირობების თაობაზე.

მას არ ეძლევა გონივრული დრო მოცემული პირობების გასააზრებლად. ამასთან, შესაძლებელია, რომ კრედიტორმა ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ის არბიტრაჟი, რომელთანაც  არაპირდაპირ დაკავშირებულ პირს თავად წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში კი  სავარაუდოდ,  არბიტრაჟი ვერ იქნება მიუკერძოებელი და გადაწყვეტილებას ყოველთვის კრედიტორის სასარგებლოდ მიიღებს.

ასეთ პირობებში მოვალე რჩება დაუცველი. გადაწყვეტილება მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევითაა გამოტანილი, თუმცა ის ვერ ახერხებს სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი უფლებები, რადგან იმავე საკითხზე უკვე არსებობს არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი მხრეს აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.