მკაცრია თუ არა საქართველოს სავიზო პოლიტიკა?2439 2018.10.12
მკაცრია თუ არა საქართველოს სავიზო პოლიტიკა?

2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოში ახალი სავიზო პოლიტიკა ამოქმედდა, რაც დღემდე ხშირად ხდება განხილვის საგანი. მიზეზი ის გახლავთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქვეყნის სავიზო პოლიტიკას აფასებს როგორც მარტივ და ყველასათვის ხელმისაწვდომად, ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირიქით- ჩვენი სავიზო პოლიტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ზედმეტად მკაცრია და გადახედვას საჭიროებს.  

საქართველოს სავიზო პოლიტიკა 2014 წლის  ხშირი განხილვის საგანია.   საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უცხოელად მიიჩნევა პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელად განიხილება პირი, რომელსაც არ აქვს სტატუსი და მოქალაქეობა მოპოვებული საქართველოში.

 ცალსახად თქმა იმისა, მკაცრია თუ არა ქვეყნის სავიზო პოლიტიკა, ალბათ, რთული იქნება და ეს უფრო ვრცელი კვლევის საგანია (რაც შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სავიზო პოლიტიკებთან შედარებით ან სხვა ფორმით გამოჩნდეს), თუმცა, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ წესრიგდება აღნიშნული საკითხი საქართველოს კანონმდებლობით და რა ტიპის ვიზებით სარგებლობენ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

 უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის:

ა) საქართველოს ვიზა;

ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა;

გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა;

დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

 

რა არის ვიზა?

ვიზა არის დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში (საერთაშორისო პასპორტში) ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია;

ვადიანია თუ არა ვიზა?

ვიზას აქვს კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი მოქმედების ვადა, ეს არის პერიოდი რომლის განმავლობაშიც უცხოელს შეუძლია საქართველოში შემოსვლა და დარჩენა;

 

რომელი უწყების მიერ ხდება ვიზის გაცემა და როდის?

საქართველოს ვიზას გასცემენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. პირი, რომელსაც სურს საქართველოში შემოსვლა, ვალდებულია, მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს იმ ქვეყანაში სადაც იმყოფება და მოითხოვოს ვიზა. თუ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება პირი არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა  ან/და საკონსულო დაწესებულება, პირს შეუძლია, მიმართოს რომელიმე სხვა (მეზობელი) ქვეყანაში მყოფ საქართველოს წარმომადგენლობას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომელსაც ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზეც.

 

შესაძლებელია თუ არა საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და დარჩენა?

საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლის მანძილზე დარჩენა შეუძლიათ 2015 წლის 5 ივნისის საქართველოს მთავრობის N 255 დადგენილებაში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს, ხოლო იმ პირებს, ვისაც მოპოვებული აქვთ 2015 წლის 5 ივნისის საქართველოს მთავრობის N 256 დადგენილებაში მითითებული ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვთ, შემოვიდნენ და დარჩენენ საქართველოში ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღის ვადით.

ანუ თუ პირს, რომელსაც საქართველოში შემოსასვლელად (მაგალითად ირანის, ჩინეთის, ინდოეთის და სხვა მოქალაქეს) თავისი მოქალაქეობიდან გამომდინარე ესაჭიროება  ვიზა, თუმცა, მოპოვებული აქვს პირობითად ამერიკის შეერთებული შტატების/ ან და 256-ე დადგენილებაში მითითებული სხვა რომელიმე ქვეყნის ვიზა ან და ბინადრობის ნებართვა, შეუძლია, საქართველოში შემოვიდეს და დარჩეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღის ვადით.