რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს?!5593 2018.10.05
რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს?!

 თავდებობა ეს არის  საკითხი, რომელიც ბევრი მოქალაქისთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და რომელსაც ხშირაც ძალიან გაუცნობიერებლადაც ვაწყდებით. რატომ? საქმე ის არის,  რომ როდესაც მომხმარებლები ვინმეს თავდებობას აპირებენ, ისე იღებენ გადაწყვეტილებას, ისე აწერენ ხელს ხელშეკრულებას, რომ არ ეცნობიან მის პირობებს შესაბამისად, არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. არა და, პრობლემური სესხის შემთხვევაში, ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტები განგვიმარტავენ, რა არის თავდებობა, რა ვალდებულებას აკისრების თავდებობის ხელშეკრულება თავდებ პირს და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები:

 

რა არის თავდებობა?

თავდებობის საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ ძირითადი მოვალისგან, არამედ მესამე პირის თავდებისგანაც.

თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი მოვალის ვალდებულებისათვის.

რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობს თავდები?

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იცნობს სოლიდარული თავდებობის და თავდებობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც ნაკისრი ვალდებულება სუბსიდიური ხასიათისაა.

1. ზოგადი წესის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობა იცნობს თავდებობის ისეთ სახეს, როდესაც კრედიტორს, მხოლოდ მას შემდგომ შეუძლია მოსთხოვოს თავდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, როდესაც სრულად ამოწურავს შესაძლებლობას ძირითადი მოვალისაგან იძულების წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

ასეთ შემთხვევაში თავდები კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კისრულობს ვალდებულებას, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრედიტორს არ აქვს უფლება თავდებისგან მოითხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თავის მხრივ, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

2. აღნიშნულის მიუხედავად, თუ თავდებობის ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

ასეთ შემთხვევაში კრედიტორს შესაძლებლობა აქვს, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარების გარეშე თავდებს მოსთხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება და ამ გზით მოახდინოს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ამდენად, მნიშვნელოვანია თავდებობის ხელშეკრულების დადებამდე წინასწარ გაეცნოთ რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობთ მოვალის სასარგებლოდ.

რა ფარგლებში აგებს პასუხს თავდები?

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა მასში მიეთითოს იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი მოვალის ვალდებულებისათვის.

შესაბამისად, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება სწორედ თავდებობის დოკუმენტში (ე.ი თავდებობის ხელშეკრულებაში) მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

შესაძლებელია თუ არა შემცირდეს თავდების პასუხისმგებლობა?

მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება თავდებობის გარდა შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს გირავნობით, იპოთეკით ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებით, შესაბამისად თუ კი კრედიტორი უარს იტყვის რომელიმე ზემოთ მითითებულ უზრუნველყოფის საშუალებაზე, მაშინ თავდების პასუხისმგებლობაც შემცირდება იმ მოცულობით რა მოცულობითაც იყო უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება უზრუნველყოფის საშუალებით.

რა შემთხვევაში კარგავს კრედიტორი მოთხოვნას თავდების მიმართ?

იმ შემთხვევაში თუ ძირითადი მოვალე გადააცილებს გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა აცნობოს მას ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

აქვს თუ არა თავდებს უფლება დაიბრუნოს მის მიერ ძირითადი მოვალის ნაცვლად გადახდილი თანხა?

“თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ.“

იმ შემთხვევაში თუ თავდებობიდან გამომდინარე თავდები სრულად უზრუნველყოფს ძირითადი მოვალის ვალდებულების დაფარვას, კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ გადახდილი თანხის ნაწილში მასზე გადადის. შესაბამისად, თავდებს უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება მოვალის მიმართ თანხის დაკისრების გზით.