როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს მიმართ საქმის გამარტივებული წესით წარმოება დაიწყო?6598 2018.09.17
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს მიმართ საქმის გამარტივებული წესით წარმოება დაიწყო?

კრედიტორების მხრიდან ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინება სხვადასხვა ხერხით ხდება. მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ კითხვებით, რა გზით ახდენენ კრედიტორები ფულადი თანხის დავალიანების ამოღებას და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებას სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე? რა არის გამარტივებული წარმოება? რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა მოიქცეთ თუ შეიტყვეთ, რომ თქვენს მიმართ დაწყებულია გამარტივებული წარმოება? აღიშნულთან დაკავშირებით, ვრცლად, საადვოკატო ბიურო, „OK&CG“-ის ადვოკატი, ანა გორდეზიანი გიპასუხებთ:

 

რის უფლებას აძლევს  კანონი კრედიტორს ?

 

-  კრედიტორს უფლება აქვს, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების მიზნით, სასამართლოში სარჩელის შეტანის ნაცვლად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევნების შესახებ განცხადებით მოვალის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.   აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი ეს განცხადება, კრედიტორს უფლებას აძლევს, მოითხოვოს - თანხის/არსებული დავალიანების დაკისრება, მათ შორის - სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ჩათვლით, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს თქვენს მიმართ მინიმუმ ორჯერ იმაზე მეტი თანხის დაკისრება, ვიდრე სესხის ძირი თანხა შეადგენს.

- ასევე, კრედიტორს შეუძლია, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოს თქვენი ქონების დაყადაღება.

- არსებულ დავალიანებასთან ერთად დაგაკისროთ დამატებით სხვა ხარჯი, რაშიც იგულისხმება გამარტივებული წარმოების საფასური; კერძოდ - გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.

 

რა უპირატესობას აქვს კრედიტორს  საქმის  გამარტივებული წესით წარმოებისას?

 

 ძირითად შემთხვევაში, კრედიტორის მოთხონა მოიცავს სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრებას, მითითებული მოთხოვნის დასაკმაყოფლებლად საჭიროა, არსებობმდეს მხოლოდ, მატერიალური სახით დადასტურებული ხელშეკრულება/შეთანხმება ან/და სხვა სახის დოკუმენტი;

 აღსრულების ეროვნული ბიურო არ ახდენს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, არ ახდენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასამართლოს გზით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება (აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს არაერთი სასამართლო პრაქტიკაც, როდესაც სასამართლო ახდენს კრედიტორის მიერ მოვალისათვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას).

გარდა ამისა, საქმის გამარტივებული წარმოებისას, შესაძლებელია, უმოკლეს ვადებში მოხდეს დავის მოგვარება; კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის გზით და სრულად დააკისროს მოვალეს მის წინაშე არსებული დავალიანება, მათ შორის - სესხის ძირი თანხის, პროცენტის, დაკისრებული პირგასამტეხლოსა და სხვა ხარჯის ჩათვლით.

 

გამარტივებული წარმოება მოვალისათვის მნიშვნელოვან საფრთხეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ უნდა იცოდეს როგორ უნდა მოიქცეს მის მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოებისას.

 

რესპოდენტს (მოვალე, თავდები) უფლება აქვს:

 

 შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთს-ერთი:

  • - დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
  • განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;
  • - წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;
  • - წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
  • - წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ;

 

რა არის აპლიკანტის/მოვალის პროტესტი და რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს?

 

პროტესტი ეს არის მოვალის/რესპოდენტის მიმართ არსებული კრედიტორის/ალიკანტის მოთხოვნის უარყოფა;

 

თუ მოვალე წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – აღსრულების ეროვნული ბიურო გადაწყვეტილებას იღებს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რომელიც მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. რაც არ ართმევს კრედიტორს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, შესაბამისად კრედიტორი უფლებამოსილია თქვენს მიმართ არსებული მოთხოვნა წარადგინოს სასამართლოში სარჩელის ფორმით.

 

რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადება?

 

 მოვალე უფლებამოსილია, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც მოვალე მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განაწილვადებას.

 აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალის განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ უგზავნის კრედიტორს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან მორიგებაზე თანხმობა ან უარი განაცხადოს. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აპლიკანტის თხოვნით, განსაზღვრული ვადა არა უმეტეს 30 დღით გაზარდოს.

 მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს მოვალის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს (აღსრულების ეროვნული ბიურო გადაწყვეტილებას იღებს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რომელიც მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე).

მოვალის თანხმობის შემთხვევაში, დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს მოვალე, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც მოვალემ არ აღიარა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც   კრედიტორს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას არ ართმევს.

 

რა შემთხვევაში და რა ვადაში უქმდება თქვენს ქონებაზე დადებული ყადაღა გამარტივებული წარმოებისას?

 

     თუ მოვალე დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ ან დაფარავს დავალიანების ნაწილს, გამარტივებული წარმოებისას მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, გადაწყვეტილების კრედიტორისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ.

 თუ თქვენს წინააღმდეგ იმავე საქმესთან დაკავშირებით ზემოთ მითითებულ 1 თვიან ვადაში დაიწყო საქმის წარმოება სასამართლოში, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ გამოყენებული უზრუნველყოფის სახით ყადაღის გააუქმება ან შეცვლა სხვა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით.

 

     რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ თუ მის მიმართ დაწყებულია გამარტივებული წარმოება?

 

მოქალქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოება დაკავშირებულია მათთვისვე სახიფათო, უმეტეს შემთხვევაში, საზიანო სამართლებრივ შედეგთან.

 

 იმ შემთხვევაში თუ მოვალე მიიჩნევს, რომ კრედიტორის მოთხოვნა  დავალიანების ოდენობის ნაწილში არ არის სამართლიანი, დაკისრებული პირგასამტეხლო ბევრად აღემატება მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას, სესხის ძირ თანხასა და პროცენტს, ეს საკითხი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვონ, რადგან უფლება აქვთ, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვოს სასამართლოს გზით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ  შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება გამარტივებული წარმოების აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყების შემთხვევაში ვერ მოხდება.