საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ (PPP) კანონის დეტალები2571 2018.05.28
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ (PPP) კანონის დეტალები

საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) შესახებ კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას. 

კანონის მიხედვით, იმისთვის, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი განხორციელდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმებს, მათ შორის განსაზღვრულია პროექტის ვადა, ღირებულება და ა.შ. კონკრეტულად გაწერილია შემდეგი კრიტერიუმები: 

ა) გრძელვადიანობა − საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, მაგრამ არანაკლებ 5 წლით; 

ბ) ღირებულება − 2020 წლის 1 ივლისამდე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 5 000 000 ლარისა, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; 

გ) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა ან საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა-პატრონობა ან/და ოპერირება და მოვლა-პატრონობა; 

დ) საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება; 

ე) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. 

კანონით, საჯარო და კერძო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ სექტორში. ამასთან, საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების პრიორიტეტული სექტორები. 

კანონით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელება მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიცირებას, მომზადებას, კერძო პარტნიორის შერჩევას, პროექტის განხორციელებას და განხორციელების შემდგომ შეფასებას. 

კანონის შესაბამისად იქმნება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო“, რომელსაც სხვადასხვა ტიპის მოვალეოები აქვს, მათ შორის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შერჩევის პროცესის შესაბამისი დოკუმენტაციის დახმარების გაწევა; 

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ¬-მინისტრის წინაშე. 

კანონით, საქართველოს მთავრობას დაევალა 1 ივლისამდე დაამტკიცოს: 

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულება; 

ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი; 

გ) კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები; 

დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა.