ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ1669 2018.04.19
ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს, გარდა შემაკავებელი ორდერის გამოცემისა, ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ, - ამის შესახებ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა. 

მისი განმარტებით, ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს ან მისი ამოქმედება მოხდება მაშინ, თუ არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება. ლონდა თოლორაიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა უკვე მომდინარეობს. 

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, გარდა შემაკავებელი ორდერისა, გაუკეთონ სპეციალური, ელექტრონული სამაჯურები. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად. ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლოს ელექტრონული სამაჯურები უკვე დაინერგება.

ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მოხდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ მაღალ რისკს და იქ, სადაც არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საფრთხე. ამის შესაფასება მოხდება შესაბამისი რისკის შეფასების ინსტრუმენტით, რომლის დანერგვაც მომავალი თვიდან იგეგმება.

შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე არ შეიძლება მიმდინარეობდეს გამოძიება. შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს, რომ მოძალადე არ შეიძლება ამავე საქმეზე არ დააკაონ ხვალ ან იმავე დღეს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.