რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიამ განცხადებების მიღება დაიწყო1504 2018.04.19
რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიამ განცხადებების მიღება დაიწყო

ადვოკატთა ასოციაციაში უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის დროებითი კომისია ამოქმედდა.

 ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს 2005-2012 წლებში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ასოციაციის წევრი ადვოკატების და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად მიჩნეული იმ მსჯავრდებულთა საქმეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გამოუყენებიათ საქმის გადასინჯვის უფლება სასამართლოსადმი მიმართვის გზით.

„დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადება, შემდეგი წესით: განცხადება შედგენილი უნდა იქნეს ნაბეჭდი სახით და რეკომენდირებულია, მოცულობით არ აღემატებოდეს 10 გვერდს; მითითებული უნდა იყოს განცხადების შემტანი პირის სახელი და გვარი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; სადავო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო და მისი გამოტანის თარიღი. თუ საქმეზე მიღებულია რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილებები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით; განმცხადებლის პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები და სხვა მტკიცებულებანი“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, განცხადებათა დასაშვებობის კრიტერიუმების თაობაზე დამატებით ინფორმაციის მიღება შემდეგ ბმულზეა - http://gba.ge/uploads/files/reestri/reglamenti.pdf შესაძლებელი. 

განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის სამდივნოში (მის. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების #36), ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან - 16:00 საათამდე. კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია დაკავშირება შემდეგ ნომერზე - 5(68)400099 ან ელექტრონულ ფოსტაზე - k.kvaghinidze@gba.ge