ანა გორდეზიანი: „მეთოდები, რომლებსაც სესხის ამომღები კომპანიები მიმართავენ, კანონის ნორმებს სცდება“5233 2018.03.01
ანა გორდეზიანი: „მეთოდები, რომლებსაც სესხის ამომღები კომპანიები მიმართავენ, კანონის ნორმებს სცდება“

 გასული წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 24 სესხის ამომღები კომპანია შეამოწმა. 
ამის შესახებ ინფორმაცია ისნპექტორის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშშია მოცემული. 
დოკუმენტის თანახმად, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიების მხრიდან პრობლემური სესხების ამოღების პროცესში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნები ისევ საკმაოდ ხშირად ირღვევა. 

„გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები უკავშირდებოდნენ ისეთ მესამე პირებს, რომლებიც მსესხებელს ხელშეკრულებაში საკონტაქტო პირად არ ჰყავდა მითითებული. ამასთან, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეებს შორის კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ფორმას (სატელეფონო ნომრით, მისამართზედაკავშირებით და ელექტრონული ფოსტით) და არ მოიცავდა მესამე პირებისთვის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას.

მიუხედავად ამისა, კომპანიები მსესხებლებთან კომუნიკაციის გზად სწორედ მესამე პირების მეშვეობით დაკავშირებას ირჩევდნენ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ არსებობდა მესამე პირებთან დაკავშირების აუცილებლობა, რადგან კომპანიებს მსესხებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალებები სრულად ამოწურული არ ჰქონდათ.
არსებული პრაქტიკის მიხედვით საკრედიტო ორგანიზაციები პრობლემური სესხის მართვას უმეტესად, სესხების ამომღები კომპანიების მეშვეობით ახორციელებენ. ასეთ შემთხვევებში, სესხის ამომღებ კომპანიებს გადაეცემა მსესხებლის მონაცემები და ენიჭება უფლებამოსილება, იმოქმედოს საკრედიტო ორგანიზაციის სახელით და მისი მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ დროს სესხისამომღები კომპანია წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს. 

 ინსპექტორის აპარატის საქმიანობის შედეგად, 2017 წელს გამოიკვეთა გარკვეულწილად დადებითი ტენდენციები, კერძოდ, საკრედიტო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი, სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას, მსესხებელთან კომუნიკაციის წესებს ხელშეკრულებაშივე ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა უფლებამოსილმა პირებმა მაინც მიმართეს საკრედიტო ორგანიზაციის მხრიდან აკრძალულ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მსესხებლის ოჯახის წევრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, სოციალურ ქსელში დაკავშირებული პირისთვის დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება,“-ნათქვამია ანგარიშში.

 

 კრედიტორები ვალის ამოღებას რომ კანონდარღვევით ცდილობენ, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ადრეც წერდა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მეთოდები, რომლებსაცსესხის ამომღები კომპანიები მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ კანონს სცდება. „გარდა იმისა, რომ კონტროლს მიღმა მოქმედი კომპანიები მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, ზოგჯერ მსესხებლებს სასამართლოს გაყალბებულ გადაწყვეტილებებსაც კი უგზავნიან და მეტიც, ხშირად ისინი მოვალის ფინანსური დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ ინფორმაციას მოვალის ოჯახის წევრებს, მის ახლობლესა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს აწვდიან; კერძოდ, გაფრთხილების წერილები კრედიტორის მხრიდან ეგზავნება მოვალეს, რომელიც ამ უკანასკნელის თანხმობის მიუხედავად ბარდება მესამე პირებს“.

 

როგორ უნდა დაიცვას ასეთ დროს საკუთარი უფლებები მოქალაქემ და ვინ უნდა დაარეგულიროს პრობლემური სესხების ამომღები კომპანიების საქმიანობა?

 

 აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „OK&CG“-ის არაერთ მოქალაქეს მიუმართავს. კომპანიის იურისტების თქმით, ამ ქმედებებით სესხის ამომღები კომპანიები ხშირად არღვევენ კანონს, რადგან მსესხებლის პერსონალურ ინფორმაციას მათი ნებართვის გარეშე გასცემენ.

 „როდესაც კრედიტორი ტელეფონის მეშვეობით ახორციელებს ზარს, მოვალის ვალდებულების არსებობის შესახებ გაფრთხილების მიზნით, ინფორმაციის მიმღებ პირს მიეწოდება სრული ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მოვალის ნებართვის გარეშე, რაც უდავოდ არღვევს მის უფლებებს; ანუ, გამოდის, რომ კრედიტორები ვალის ამოღებას კანონდარღვევით ცდილობენ“- განაცხადა „OK&CG“-ის ადვოკატმა, ნა გორდეზიანმა.

 საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსური დავალიანებისა და მისი მოცულობის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკაში განსაკუთრებით ხშირია ამ მონაცემთა გასაჯაროება მოქალაქის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის გარეშე. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება  დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, მაგალითად, არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით, მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად, კანონის დასაცავად მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა და სხვ.

 მონაცემთა უკანონოდ დამუშავების შემთხვევაში პირს შეიძლება მიადგეს როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი, უარი უთხრან მომსახურების გაწევაზე.

 

  ადვოკატ ანა გორდეზიანის განცხადებით, ასეთ დროს მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზებს უნდა მიმართოს.

 

„ასეთ დროს პირს უფლება აქვს, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც განიხილავს განცხადებას და სამართალდამრღვევს დააკისრებს პასუხისმგებლობას , გაფრთხილების ან ჯარიმის სახით. ჯარიმის ოდენობა მერყეობს 100 ლარიდან 10 000 ლარამდე დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით. თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში პირი განმეორებით დაარღვევს კანონის მოთხოვნას ფინანსური სანქციის ოდენობა 2-ჯერ ან 3-ჯერ იზრდება“.