სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - ქონების ჩუქება  სიცოცხლის ბოლომდე მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ6575 2018.02.19
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - ქონების ჩუქება სიცოცხლის ბოლომდე მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ

  თანამედროვე ეპოქაში მოქალაქეები ნაკლებად არიან ინფორმირებულნი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების, მისი არსისა და სამართლებრივი ბუნების შესახებ. საადვოკატო ბიურო  „OK&CG“-ს ადვოკატი,ანა გორდეზიანის თქმით, „ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობისთვის დებენ ჩუქების ხელშეკრულებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევას და მჩუქებლისათვის ნაკლებად ქმნის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს“.   

 

 რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, როგორია მისი სამართლებრივი ბუნება, რა უნდა იცოდეთ ან რა უნდა გაითვალისწინოთ აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კითხვებს უფრო ვრცლად, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი  პასუხობს.  

 

  რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?

 

  სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე პირი (მარჩენალი) კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას სარჩოს მიმღებისათვის (სარჩენი) მთელი სიცოცხლის მანძილზე ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუ ეს სპეციალურად იქნება ხელშეკრულებაში შეთანხმებული. თავის მხრივ, სარჩენი მოვალეა, მარჩენალს საკუთრებაში  გადასცეს ქონება.

 

რაზეა დამოკიდებული სარჩოს ოდენობა?

 

  მნიშვნელოვანია, რომ სარჩოს სახე და ოდენობა სრულადაა დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე. საქართველოს კანონმდებლობით, სარჩო შეიძლება, დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით, მათ შორის, ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით. მაგალითად, მხარეებმა შესაძლოა, დაადგინონ, რომ სარჩენის მხრიდან უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ, მარჩენალი ვალდებულია,  სარჩენი ყოველდღიურად უზრუნველყოს სამჯერადი კვებით, საჭირო მედიკამენტებით ან/და თანხის გარკვეული ოდენობით და სხვ. სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით.

 

 სავალდებულოა თუ არა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დაიდოს წერილობითი ფორმით?

 

  სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება განპირობებულია სხვადასხვა გარემოებით. ხშირად იგი იდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც სარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც იგი საჭიროებს მოვლასა და მეთვალყურეობას. ასეთ პირობებში სარჩენი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც რჩენის სანაცვლოდ გადასცემს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ თუ მოძრავ ქონებას.   

  საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სავალდებულოა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დაიდოს წერილობითი ფორმით, უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში კი ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

რა შეზღუდვები არსებობს ხელშეკრულების ფარგლებში ?

 

  გასათვალისწინებელია, რომ სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე, ამასთანავე, მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.მეტიც, საქართველოს კანონმდებლობა სარჩენის დაცვის სამართლებრივ გარანტიებს კიდევ უფრო აფართოვებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ, როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.

 

  მნიშვნელოვანია ისიც, რომმარჩენალისათვის გადაცემული ქონების შემთხვევითი დაღუპვა ან დაზიანება არ ათავისუფლებს მარჩენალს სარჩოს გადახდისაგან. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ქონების განადგურებაში/დაზიანებაში მარჩენალს არ მიუძღვის ბრალი (მაგალითად, ქონება განადგურდა მიწისძვრით, წყალდიდობით და სხვ.).

 

  საქართველოს კანონმდებლობით სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება მიეღოთ სარჩო მარჩენალისაგან (მაგალითად, მარჩენალის შრომისუუნარო შვილები), მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ პირობებშიც დაცულია სარჩენის ინტერესი, ვინაიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ქონება უბრუნდება სარჩენს.

 

  რა შემთხვევებშია შესაძლებელი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა?

 

  როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ, უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. არსებითი მიზეზი, რომელიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას შესაძლოა იყოს მარჩენალის ჯანმრთელობის ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. ასეთ შემთხვევაში გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

  მარჩენალის გარდაცვალებისას, რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს სარჩენის მიერ გადაცემული ქონება. მემკვიდრის მიერ რჩენის ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება წყდება.