გასულ წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 1 947-ით გაიზარდა2093 2018.02.03
გასულ წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 1 947-ით გაიზარდა

 2018 წლის 30 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა.

 

 სტატისტიკის (როგორც ყოველთვიური, ასევე კვარტალური) გამოქვეყნების პრაქტიკის განახლების ვალდებულება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 2017 წლის 20 დეკემბერს, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის რანგში ყოფნისას აიღო.

 

 ამ ეტაპზე, შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ 2017 წლის დეკემბრის თვისა და 2017 წლის 12 თვის (წლიური, კუმულატიური) სტატისტიკაა განთავსებული, რაც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსაც გაეგზავნა.

 

 მართალია, მონაცემები სისხლის სამართლის კოდექსის თავებისა და მუხლების მიხედვით დეტალურად არის ჩაშლილი, თუმცა ის მაინც არ ცვლის იმ ყოველთვიურ ანგარიშს, რომლის მიწოდების ვალდებულებაც სამინისტრომ 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმით იკისრა (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა). საინტერესოა, რამდენად განახლდება სწორედ ამ მონაცემების დამუშავებისა და მიწოდების პრაქტიკა გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში.

 გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2017 წელს სულ 37 499 დანაშაულია რეგისტრირებული, გახსნის მაჩვენებელი კი 52.3%-ს უდრის. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 1 947 ერთეულით არის გაზრდილი.

 

გრაფიკი 1: საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში 2013-2017 წლებში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

 

 აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკის გამოქვეყნებასთან ერთად, ცალკეული მუხლების მიხედვით ტენდენციებიც გაანალიზა და დანაშაულის მატება/კლების შესაძლო მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება.

2016 წელთან შედარებით, 2017 წელს მატებაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებშიც, რაც საგრძნობლად აღემატება 2013-2015 წლის მაჩვენებლებს.

 

გრაფიკი 2: საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში 2013-2017 წლებში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა

 

 

 აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არა განზრახ მკვლელობათა ხარჯზე, არამედ სსსკ-ის 115-ე მუხლის ხარჯზეა გაზრდილი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამინისტროს განმარტებით, ფაქტების უმრავლესობა თვითმკვლელობამდე მიყვანის კლასიკურ შემთხვევას არ წარმოადგენს. მაშინაც კი როცა სახეზე არ არის თვითმკვლელობამდე მიყვანის შემადგენელი ყველა ნიშანი (მსხვერპლისადმი მუქარა, სასტიკი მოპყრობა ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირება), მაგრამ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, ხშირად გამოძიება სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება.

 

გრაფიკი 3: განზრახ მკვლელობის წილი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში


 

 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წელს 198 ერთეულითაა გაზრდილი ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა. სამინისტროს განმარტებით აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა, ერთი მხრივ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული მასობრივი კამპანიის შედეგია, რამაც მიმართვიანობა გაზარდა, ხოლო მეორე მხრივ იმ ფაქტით აიხსნება, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიებაც იწყება.

 ზრდის ტენდენციაა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 1 089 დანაშაულით მეტია რეგისტრირებული. ძირითადად გაზრდილია ქურდობის (932-ით მეტი) და თაღლითობის (191-ით მეტი) შემთხვევები.

 

გრაფიკი 4: საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში 2013-2017 წლებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა


 

 

 რაც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს, კლების ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდა. 2016 წელთან შედარებით, 434 დანაშაულით ნაკლებია რეგისტრირებული.

 

 

წყარო: http://factcheck.ge