ავტოსატრანსპორტო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალდარღვევა?5193 2018.02.02
ავტოსატრანსპორტო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალდარღვევა?

 ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ბრალეული პირის პასუხისმგებლობის საკითხს, შემთხვევის შედეგებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

 

 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევები და მძღოლების პასუხისმგებლობა. მაგალითად, აღნიშნული მუხლის მეხუთე ნაწილი განსაზღვრავს ავტოსატრანსპროტო შემთხვევას, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, რა შემთხვევაშიც მძღოლი მიჩნეული იქნება სამართალდამრღვევად და დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

 

 მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა სამართალდარღვევად კვალიფიცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რა შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევა  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად.

 

 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე სისხლის სამართლის წესით იწყება ძიება, თუ შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე რომელიმე ავტომანქანაში მჯდომ პირს ჯანმრთელობა ნაკლებად მძიმედ დაუზიანდა.  ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით პირს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა. თუ ექსპერტი დაადგენს, რომ მგზავრს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სხეული მსუბუქად  დაუზიანდა, ბრალეული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რითიც ბრალეული პირი დაჯარიმდება შედეგის სიმძიმის შესაბამისი მუხლით.  

 

 ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესაბამისად განისაზღვრება ბრალეული პირის პასუხისმგებლობის ზომა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

ხშირია შემთხვევები როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მთვრალ მდგომარეობაში მართავს ავტომობილს, რასაც შედეგად ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოჰყვება. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

საადვოკატო კომპანია „OK&CG“-ის დახმარების თხოვნით ხშირად მიმართავენ პირები, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამო საგამოძიებო ორგანოებმა ბრალი წარუდგინეს. მსგავს შემთხვევებში, უპირველეს ყოვლისა, ბრალდებულს უნდა გაეწიოს სწორი იურიდიული კონსულტაცია და მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.