როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს?3359 2018.01.26
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს?

 ხშირად დამსაქმებლები ბოროტად იყენებენ მათ ხელში არსებულ უფლებამოსილებას და სრულიად დაუსაბუთებლად ათავისუფლებენ მათთან დასაქმებულ პირებს.

 უკანონო განთავისუფლება დასაქმებულ პირს გარკვეული მოთხოვნის უფლებებს ანიჭებს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს, მათ შორისაა:

 

- ეკონომიკური გარემოებები;

- ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

- შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

- დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

- სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს და სხვ.

 

 დამსაქმებელი ვალდებულია, შეატყობინოს დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით და გადაუხადოს კომპენსაცია 1 ან 2 თვის ოდენობით, იმის მიხედვით, თუ როგორია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ასეთ დროს მიზანშეწონილია, რომ თქვენ მოითხოვოთ დამსაქმებლისგან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. დამსაქმებელს  ვალდებულება ეკისრება მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, წერილობითი ფორმით დაასაბუთოს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

 

 იცოდეთ, რომ დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

 სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი მოცდენის გამო შრომის ანაზღაურება, იძულებითი განაცდური ან კომპენსაციის დაკისრება. საკითხს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერების თაობაზე წყვეტს სასამართლო.