აქვს თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება,თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა?! 3925 2018.01.25
აქვს თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება,თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა?!

  გასულ კვირას პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორის, ლაშა ნოზაძემ განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს“. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილს აინტერესებს, რომელი საკანონმდებლო ნორმებით და როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი.

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG-ის ადვოკატი, ანა გორდეზიანი განგიმარტავთ, რა ვალდებულებებს იძენს მემკვიდრე მემკვიდრებლისგან სამკვიდრო ქონების მიღებით:

 

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით, მემკვიდრეები მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღებით იძენენ როგორც აქტივებს (მოძრავი ან უძრავი ქონება), ისე პასივებს (ვალები).

მემკვიდრე ვალდებულია, მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნები, მაგრამ მხოლოდ სამკვიდროს სახით მიღებული აქტივის ფარგლებში.

 აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მამკვიდრებლის კრედიტორებისთვის სამკვიდროს გახსნის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას აკისრებს სწორედ მემკვიდრეებს, იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

  • მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ.
  • კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
  • მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

 საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

 პრაქტიკაში საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ბანკთან/არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებასთან სასესხო ურთიერთობის პირობებში მსესხებლის გარდაცვალებისას. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მემკვიდრისგან მოითხოვოს მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება მხოლოდ მიღებული სამკვიდროს ფარგლებში, თუმცა პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით პრობლემას, როდესაც კრედიტორმა არც იცის, რომ მას შეუძლია გადრაცვლილი მოვალის დავალიანების დაფარვა შეიძლება მოსთხოვოს მემკვიდრეს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეები არ იღებენ სამკვიდროს სწორედ იმ ვალების თავიდან არიდების მიზნით, რის შესახებ მოთხოვნასაც მათ მიმართ აყენებენ კრედიტორები.