საადვოკატო ბიურო ,,OK&CG-მ"  „საქართველოს ბანკის“ მიმართ არსებული დავა მოიგო 1428 2017.11.17
საადვოკატო ბიურო ,,OK&CG-მ" „საქართველოს ბანკის“ მიმართ არსებული დავა მოიგო
„საქართველოს ბანკში“ დასაქმებული ფიზიკური პირების ბანკირი ნინო ტაბატაძე სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. დასაქმებული სამსახურიდან 5 სექტემბერს გაათავისუფლეს, იმ მიზეზით, რომ მან 19 ივნისს ბანკის კლიენტის ანგარიშიდან თანხა მისი მეუღლის ანგარიშზე გადარიცხა. აღნიშნული ოპერაცია დისტანციურად განახორციელა. ამ ოპერაციის განხორციელების შემდეგ ბანკმა შიდა მოკვლევა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ტაბატაძეს სამსახურში არანაირი შენიშვნა, საყვედური, ან გაფრთხილება მიღებული არ ჰქონდა, ამასთან ტრანზაქციის განხორციელებისას ორგანიზაციის ბუღალტერისაგან გააჩნდა მის ანგარიშზე წვდომა, ‘საქართველოს ბანკმა“ მეუღლის ანგარიშის მომსახურება უხეშ დარღვევად მიიჩნია და შიდა მოკვლევის დასრულების თანავე დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლა. დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში საადვოკატო ბიურო ,, OK&CG“-ის ადვოკატი დავით მუმლაძე იცავდა, მისი განმარტებით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შრომის კოდექსი განსაზღვრავს, ამასთან მოქმედი სასამართლო პრაქტიკა, ისევე როგორც საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დასაქმებულისათვის შესაბამისი გარანტიებისა და სტანდარტების შექმნისკენ, რათა დომინირებული მდგომარეობაში მყოფმა დამსაქმებელმა უკანონოდ არ განახორციელოს ხელშეკრულების შეწყვეტა, განსაკუთრებით როდესაც დასაქმებული წარმოადგენს განუსაზღვრელი ვადით დანიშნულ კადრს. დავითის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ იქნა უკიდურესი ღონისძიება-გათავისუფლება, რაც არ წარმოადგენდა დარღვევასთან მიმართებით ადეკვატური ხასიათის სანქციის ზომას, შესაბამისად იმ პირობებში როდესაც საქართველოს ბანკში მრავაწლიანი მუშაობის განმავლობაში დასაქმებულს არ ქონდა რაიმე სახის დარღვევა/გადაცდომა მსგავსი სანქციის გამოყენება უკანონოდ ლახავდა ნინო ტაბატაძის უფლებებს. სასამართლომ სრულად გაიზიარა დასაქმებულის ადვოკატის პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სს ,,საქართველოს ბანკის“ ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბანკს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.