საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ის მოგებული საქმით კიდევ ერთი სასამართლო  პრეცენდენტი დამკვიდრდა2279 2017.11.15
საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ის მოგებული საქმით კიდევ ერთი სასამართლო პრეცენდენტი დამკვიდრდა
საადვოკატო ბიუროს ,,OK&CG” იურიდიული დახმარების მიღების მიზნით მომართა მოქალაქემ, რომელსაც სურდა მის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. ადვოკატების მიერ შესაბამისი სარჩელის შეტანის შემდეგ მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მამობის გაუქმება და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების განხორციელება. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შეგებებული სარჩელი სრულად, გაუქმდა მამობა და ცვლილება შევიდა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.სასამართლოების განმარტებით, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს უნდა მოეხდინა მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით (ბიოლოგიური-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის) დადასტურება იმისა, რომ ის წარმოადგენდა ბავშვის ბიოლოგიურ მამას. სასამართლომ ექსპერტიზის ჩაუტარებლობა მიიჩნია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და მამობის გაუქმების საკმარის საფუძვლად. საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ს ადვოკატმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა. ადვოკატის განმარტებით, დედის მიერ გენეტიკური ექსპერტიზის წარმოუდგენლობა და მისი განმარტებით, ბავშვის ,,რეალური“ ბიოლოგიური მამის მიუთითებლობა წარმოადგენდა კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ შეგებებული სარჩელი ემყარებოდა დაუსაბუთებელ მხარის ზეპირ განმარტებებს. ამასთან, ორივე ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო კანონის დანაწესი, რომლის თანახმადაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია მამის გრაფის მხოლოდ შეცვლა/ცვლილების რეგისტრაცია და არა გაუქმება. ამდენად, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მამის გარეშე იქნა დატოვებული არასრულწლოვანი ბავშვი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საადვოკატო ბიუროს ,,OK&CG”-ს ადვოკატების განმარტებები და სრულად დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გაუქმდა ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება და შეგებებული საჩივრის ავტორს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.