რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას1639 2017.11.09
რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას
მოქალაქეები ხშირად იძენენ ფართს მშენებარე კორპუსში, რომლის მშენებლობაც ხელშეკრულების დადებისას დაწყებულიც კი არ არის. მსგავსი ხელშეკრულების დადება შემძენისათვის მნიშვნელოვან საფრთხეებთანაა დაკავშირებული, რამდენადაც შეიძლება მოხდეს ისეც, რომ თქვენ ბინის გარეშე დარჩეთ. იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ სამშენებლო კომპანიასთან დებთ არა ნასყიდობის, არამედ ნარდობის ხელშეკრულებას. მიზანშეწონილია ხელშეკრულება, რომელსაც მხარეები უმეტესად წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას უწოდებენ დაარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში. თუმცა ეს რასაკვირველია, ვერ უზრუნველყოფს საფრთხეების თავიდან აცილებას. შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე ის მესაკუთრე, რომელსაც ფართი აქვს შეძენილი, ითვლება მშენებარე ფართის მესაკუთრედ. ხშირია შემთხვევა, როდესაც მშენებლობის პროცესში სამშენებლო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება, რის გამოც ვეღარ ხერხდება მშენებლობის დასრულება, შემძენს კი ბინის საფასური სრულად აქვს გადახდილი. რასაკვირველია, პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ეკისრება სამშენებლო კომპანიას. თუმცა ხშირად ასეთ კომპანიებს დიდი დავალიანებები აქვთ საგადასახადო სამსახურის მიმართ. როდესაც კომპანია საგადახადო ორგანოს დავალიანებებს დაფარავს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაეკისროს ფიზიკური პირების კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება. კომპანიის ქონება კი საგადასახადო დავალიანების და თითოეული კლიენტის მიერ გადახდილი საფასურის დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდეს. მაშასადამე, მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას შემძენისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეები ახლავს თან, თუმცა თუ მაინც გადაწყვეტთ ასეთი ბინის შეძენას აუცილებელია კარგად გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს. შეგიძლიათ სამშენებლო კომპანიისგან საბანკო გარანტიაც კი მოითხოვოთ.