რა შემთხვევაში შეძლებთ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას2618 2017.10.31
რა შემთხვევაში შეძლებთ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს უსასყიდლო, ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებას. საჩუქრის გადაცემის შემდეგ დასაჩუქრებულს წარმოეშობა საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე. ჩუქების ხელშეკრულება გარკვეულ შემთხვევებში ექვემდებარება გაუქმებას, ამასთან, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას შესაძლებელია საჩუქრის უკან გამოთხოვა. საადვოკატო ბიურო ,,OK&CG-ს იურისტი ანა გორდეზიანი განმარტავს, რომ ,,ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს ამას გარდა, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.“ ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრი მეორე ოჯახის წევრს ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემს უძრავ ქონებას. ქონების საკუთრებაში მიღების შემდეგ დასაჩუქრებულები აღარ აძლევენ უფლებას მჩუქებელს გამოიყენოს საცხოვრებელი ფართი და მის დაუყოვნებლივ დაცლას სთხოვენ. ასეთ შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რის შემდეგაც საკუთრებაში დაგიბრუნდებათ გაჩუქებული ქონება.