რა არის საჭირო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის1703 2017.10.31
რა არის საჭირო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის
მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაცია განსაზღვრული პროცედურების დაცვას მოითხოვს. მეწარმეებს ინფორმაციის არარსებობის პირობებში ურთულდებათ სათანადო დოკუმენტების მოძიება, ეს პროცესი კი ხშირად დიდ დროს საჭიროებს. გახსოვდეთ, რომ მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს. გახსოვდეთ, რომ რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით. ამასთან, თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები: 1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ); 2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი). 3. პირველადი რეგისტრაციის დროს: საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება); ცვლილებების რეგისტრაციის დროს: მოთხოვნილ ცვლილებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. 4. უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი; 5. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი; 6. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი (1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; დაჩქარებული მომსახურების საფასური განცხადების შეტანის დღესვე შეადგენს 200 ლარს).