რა არის არბიტრაჟი და აქვს თუ არა კრედიტორს სასამართლოს გარეშე დაგაკისროთ თანხა3308 2017.10.30
რა არის არბიტრაჟი და აქვს თუ არა კრედიტორს სასამართლოს გარეშე დაგაკისროთ თანხა
მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საქმე შეიძლება განიხილოს არა მხოლოდ სასამართლომ, არამედ არბიტრაჟმაც. უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟი შედარებით ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული. არბიტრაჟი არის დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ხელშეკრულების დადების ან შემდგომ თანხმდებიან დავის საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ განხილვის შესაძლებლობაზე. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებისაგან არის საბოლოო და მხარეთათვის სავალდებულო ძალის მქონე. გაითვალისწინეთ, რომ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვა ხდება იმ შემთხვევაში თუ მხარეები ხელშეკრულებით პირდაპირ შეთანხმდებიან აღნიშნულ წესზე, კონკრეტულ იდენტიფიცირებად არბიტრაჟზე. ასეთ პირობებში სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი განიხილოს მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა. უნდა აღინიშნოს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება რიგ შემთხვევაში საფრთხის შემცველია პირისთვის, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების სუსტ მხარეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში იგი არასათანადოდაა ინფორმირებული ხელშეკრულების პირობების თაობაზე. მას არ ეძლევა გონივრული დრო მოცემული პირობების გასააზრებლად. ამასთან, შესაძლებელია, რომ კრედიტორმა ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ის არბიტრაჟი, რომელთანაც არაპირდაპირ დაკავშირებულ პირს თავად წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში კი სავარაუდოდ, არბიტრაჟი ვერ იქნება მიუკერძოებელი და გადაწყვეტილებას ყოველთვის კრედიტორის სასარგებლოდ მიიღებს. ასეთ პირობებში მოვალე რჩება დაუცველი. გადაწყვეტილება მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევითაა გამოტანილი, თუმცა ის ვერ ახერხებს სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი უფლებები, რადგან იმავე საკითხზე უკვე არსებობს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რომ არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი მხრეს აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.