სხვისი ვალის გამო თქვენი ავტომობილი დაყადაღდება1081 2017.10.23
სხვისი ვალის გამო თქვენი ავტომობილი დაყადაღდება
ხშირად მოქალაქეები ავტომანქანის ნასყიდობის საფასური გადახდისა და მისი მფლობელობაში მიღების შემდგომ საჭიროდ არ მიიჩნევენ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში საკუთრების უფლების დამატებით რეგისტრაციას. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც ავტომობილის შემძენს გადახდილი აქვს შესაბამისი საფასური, მფლობელობაში აქვს ავტომობილი, თუმცა მესაკუთრედ მარეგისტრირებელ ორგანოში კვლავ რეგისტრირებულია თავდაპირველი მესაკუთრე. გახსოვდეთ, რომ სასურველია განახორციელოთ ავტომანქანაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში, რათა შემდგომში თავიდან აირიდოთ ძველი მესაკუთრის ვალდებულებების გამო თქვენი ნივთის დაყადაღება, რეალიზაცია. საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ს ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს, რომ მოქალაქეები ხშირად მიმართავენ მათ მსგავსი პრობლემებით. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ ძველ მესაკუთრეზე რეგისტრირებულ ავტომობილს ყადაღა ედება მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში. რითაც უკანონოდ ილახება ახალი მესაკუთრის ინტერსები, რამდენადაც მას ეზღუდება შეძენილი ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობა. ერთ-ერთ საქმეზე საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ს მომართა ავტომობილის შემძენმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის სრულიად მოულოდნელად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჩამოართვა ავტომობილი და იგი გადაყვანილ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე. საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ს ადვოკატმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვა ძველი მესაკუთრის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება (ქონების რეალიზაციის ნაწილში) და გადაწყვეტილების მიღებამდე ავტომანქანის შემძენისათვის მფლობელობაში გადაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა ქონების რეალიზაციის პროცესი და ამავდროულად ქონება დროებით მფლობელობაში გადასცა შემძენს.