ლომბარდს უფლება არ აქვს თქვენი ნივთი დაიტოვოს1222 2017.10.23
ლომბარდს უფლება არ აქვს თქვენი ნივთი დაიტოვოს
დღესდღეობით, მცირე სესხების უზრუნველსაყოფად ხშირად ხდება მოძრავი ნივთების დაგირავება ლომბარდში. იცოდეთ, რომ ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდისთვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით. გახსოვდეთ, რომ ლომბარდს არ აქვს უფლება საკუთრების უფლებით დაიტოვოს ის საგანი, რომელიც გამოყენებული იყო უზრუნველყოფის საგნად. უნდა მოხდეს ამ ნივთის რეალიზაცია გონივრულ და სამართლიან ფასად. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ ლომბარდმა თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია განახორციელა არასამართლიან ფასად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოგადგათ ლომბარდის ქმედების შედეგად. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს. შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოსთხოვოთ მოგირავნეს დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება. ნუ დაუშვებ ლომბარდის მიერ შენი ქონების უკანონოდ მითვისებას!