რა შემთხვევაში ითვლება სითი პარკის ჯარიმა ჩაბარებულად1840 2017.10.23
რა შემთხვევაში ითვლება სითი პარკის ჯარიმა ჩაბარებულად
მძღოლებისათვის ხშირად გაუგებარია ითვლება თუ არა მათი ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებული ,,სითი-პარკის“ ჯარიმა მათთვის ჩაბარებულად. ჩაბარების წესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწორედ ჩაბარების მომენტიდან სამართალდამრღვევს ეკისრება ჯარიმის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, ჩაბარების მომენტის ზუსტად განსაზღვრა ქონებრივ შედეგებს იწვევს ჯარიმის ადრესატისთვის. გაითვალისწინეთ რომ თუ მძღოლი 30 დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაერიცხება საურავი. ჯარიმის ჩაბარებას ახორციელებს არა უშუალოდ სითი-პარკი, არამედ ფოსტის უფლებამოსილი თანამშრომელი. თუ ადრესატმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე, მის მიმართ კანონმდებლობის თანახმად იწყება იგივე პროცედურები, რაც ჯარიმის ფურცელზე ხელმოწერის შემთხვევაში – მძღოლს ჯარიმის გადახდისთვის ეძლევა 30 დღიანი ვადა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჯარიმის ფურცლის ჩაბარების უფლებამოსილება აქვს დაჯარიმებული მძღოლის ოჯახის წევრსაც, იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ჯარიმის ჩაბარებაზე, რამდენიმე დღის შემდეგ ჯარიმის ფურცელი კვლავ მიდის დაჯარიმებული მძღოლის იურიდიულ მისამართზე. ამის შემდეგ თუ მძღოლის ოჯახის წევრი უარს აცხადებს ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე, დამრღვევის მიმართ იწყება კანონით გათვალისწინებული პროცედურები და მას ეძლევა 30 დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად. თუ პირი სითი-პარკის 10 ლარიან ჯარიმას არ გადაიხდის 30 დღის ვადაში, მას დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ მას დამატებით ეძლევა 30 დღიანი ვადა ჯარიმისა და საურავის გადასახდელად. ამ პერიოდის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაიწყება იძულებითი აღსრულება და საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჯარიმის განთავსება მხოლოდ ავტომობილის საქარე მინაზე არ ითვლება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად და არ წარმოშობს ქონებრივ პასუხისმგებლობას; ასევე ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ დამრღვევთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრისათვის ჩაბარების შემთხვევაში, ამდენად თუ ფოსტის თანამშრომელი დოკუმენტს აბარებს თქვენს მეზობელს ან ფართში დროებით მყოფ პირს, ჯარიმაზე დარიცხული საურავის გაუქმების მიზნით შეგიძლიათ მიმართოს გასაჩივრების პროცედურებს.