error3899 2017.12.27
შრომა სიცოცხლის ფასად

 ქუთაისში მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით,   რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს აკისრებს ვალდებულებას,  სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხო პირობები შექმნას. კერძოდ, შრომის კოდექსი ადგენს  დამსაქმებლის მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის ვალდებულებას.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელმა დასაქმებულს სრული ინფორმაცია უნად მიაწოდოს ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელიც მოქმედებს მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.  ამას გარდა, დამსაქმებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს, უსაფრთხოების პრევენციული სისტემის დანერგვით, თანამედროვე, უსაფრთხო ან ნაკლები საფრთხის შემცველი ტექნოლოგიების გამოყენებით, დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებით და მაქსიმალური პრევენციული ზომების მიღებით გააუმჯობესოს დასაქმების ადგილებში შრომის პირობები.

 

ქუთაისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს საადვოკატო ბიურო, „OK&CG“  გამოეხმაურა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოში აუცილებელად უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის კანონმდებლობასთან/სტანდარტთან შესაბამისობას შეამოწმებს და ეფექტურ ზომებს მიიღებს.

 

 „კანონმდებლობაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დამსაქმებელს გააკონტროლებს, რომ სამუშაო ადგილას უსაფრთხო გარემო შექმნას. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია შრომის ინსპექტირების დეპარტემენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სწორედ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტრელება; თუმცა, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი არ გვევლინება ეფექტურ და აღსრულებადი მექანიზმებით აღჭურვილ ორგანოდ. იგი მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება, რაც თავისმხრივ შესასრულებლად სავალდებულო არ არის. შესაბამისად, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია შესაბამისისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოხდეს დამსაქმებელთა გაკონტროლება და შესაბამისი დარღვევბისთვის  მათ გარკვეული სანქციები დაუწესდეს, რაც ხელს შეუწყობს  შრომითი გარემოს შექმნასა და დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას,“ - განაცხადა საადვოკატო ბიურო „OK&CG“  - ის იურისტმა, ანა გორდეზიანმა.

 

შრომითი უფლებების დაცვის კუთხით გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებაც. აღნიშნულ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ შრომის უფლებების მატერიალურსა და ინსტიტუციური მექანიზმების გარანტირებას უჭირავს.

 

 „ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართი, გაწერს 40-მდე დირექტივას, რომელიც მოიცავს შრომის უსაფრთხოების, მათ შორის, დაცვის მატერიალურ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს, რომელთა გათვალისწინებაც შრომითი უფლებებისა და შრომის პოლიტიკის მიმართლებით ეტაპობრივად, დანართის ძალაში შესვლის შემდეგ, 4-დან 9 წლამდე პერიოდებში უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობაში. გარდა ამისა, საქართველო ვალდებულებას იღებს, დაბართით გაწერილ ვადებში დააახლოვოს საკუთარი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან დასაქმებასთან დაკავშირებული ურთიერთობების შესახებ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა ინფორმირების ვალდებულებების, მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშემწყობი ზომების, სამუშაოდან კოლექტიურად განთავისუფლების რეგულირების, დასაქმებულთა წარმომადგენლობის, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფის, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და სხვა მნიშნვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით,“- ნათქვამია დოკუმენტში.

 

 კანონმდებლობა რომ ქმედითი არ არის და ყურადღებას საჭიროებს, ამაზე ხშირად საუბრობს  არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, დასაქმებულები თუ პროფკავშირების წარმომადგენლები.  თუმცა შედეგი არის ის  „სტატისტიკა“, რომლის მიხედვითაც წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება.  სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. ამის გარდა, 2011-2015 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილას 212 ადამიანი დაიღუპა, 691 კი დაშავდა.  

 

 

 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა