error268 2025.02.03
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

საგადასახადო კოდექსის 83-ე და შემდგომი მუხლები ითვალისწინებს სპეციალურ, საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმებს.

 

რა  მოიაზრება საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმში?

სპეციალური, საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება:

1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე;

 

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე და

 

3.  ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებზე.

 

მიკრო ბიზნესი

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ისეთ ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს თავისი სტატუსის შესახებ და სტატუსის სერტიფიკატის ნომერი.
 

მცირე ბიზნესი

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.

 

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში და აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.

 

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

 

ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს:

1. დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში;

2. დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3 პროცენტი.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

 

როგორ უნდა მიიღოთ მიკრო და მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი?

თუკი პირს სურს მიკრო და მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მიღება, ამისათვის მან უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც მის სახელზე გასცემს შესაბამისი სტატუსის სერტიფიკატს.

 

როგორ უნდა ისარგებლონ მიკრო ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებმა გათვალისწინებული შეღავათით?

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს როგორც თავისი სტატუსი (მიკრო ან მცირე ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი) და ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული სტატუსის სერტიფიკატის ნომერი.

 

მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის დეკლარაციის წარსადგენად რა ვადებია დადგენილი?

განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, დღეის მდგომარეობით:

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით დეკლარაციას წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 01 აპრილამდე,

ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში, კოდექსში გატარებული ცვლილებების შესაბამისად, ასეთ ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი.

 

ბევრი კითხვა ჩნდება სტატუსის როგორც მიღებასთან, ასევე მის გაუქმებასთან დაკავშირებით.

თუკი უფრო მეტი დეტალი დაგაინტერესებთ, დაგვიკავშირდით.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.

სხვა სიახლეები
21 იან

როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?

02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება