რა საკითხები არ შეიძლება, ჩაიწეროს საქორწინო კონტრაქტში?1727 2021.08.05
რა საკითხები არ შეიძლება, ჩაიწეროს საქორწინო კონტრაქტში?

საქორწინო კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამართლებრივი აქტია, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს - მომავალ მეუღლეებს, აწონ-დაწონონ ყველა თავისი მოთხოვნა/ სურვილი და ლოგიკური სისტემის სახით ჩამოაყალიბონ მათი მატერიალური თუ მორალური ვალდებულებები.

 საქართველოს კანონმდებლობა მეუღლეებს შესაძლებლობას აძლევს, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინებისას, ასევე განქორწინებისას.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება, დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს. ამასთანავე, ხელშეკრულება სავალდებულო გარიგებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ აუცილებელია მისი დადება წერილობითი ფორმით, ასევე დადასტურება სანოტარო წესით.

ზოგადი რეგულირების მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). მეუღლეებს შეუძლიათ, საკუთრებისთვის კანონით დადგენილი ეს წესი შეცვალონ საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით.

მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას. საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.

საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გაითვალისწინონ ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონის საფუძველზე რეგულირებულ იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულებით, კერძოდ, ესენია: მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობა, დავის შემთხვევაში - სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება, შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა შეთანხმებით, თუმცა, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა დაუშვებელია. ზოგადი წესის მიხედვით კი, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

 

საქროწინო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართეთ ადვოკატს.