ნაფიცი მსაჯულობა უფლება თუ ვალდებულება?1691 2021.07.12
ნაფიცი მსაჯულობა უფლება თუ ვალდებულება?

ნაფიც მსაჯულთა სასმართლო შედგება 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულისგან. მათ შემადგენლობაში, ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეზე, არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები წევრი; მძიმე კატეგორიის საქმეზე - რვაზე ნაკლები, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა განხილვისას მათი რიცხვი არ უნდა იყოს ათზე ნაკლები. მსაჯულებს უფლება აქვთ სახელმწიფოსგან დროულად მიიღონ ყველა იმ გაწეული ხარჯების ანაზღაურება რომელიც მათი მოვალეობის შესრულებასთანაა დაკავშირებული.

ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?

პირი რომელიც არის 18 წლის ასაკს გადაცილებული და ესმის სისხლის სამართლის საპროცესო ენა; პირი ვინც ცხოვრობს საქართველოს იმ ნაწილში (დასავლეთი, აღმოსავლეთი), რომელშიც ტარდება პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით; ასევე არ უნდა ჰქონდეს ისეთი შეზღუდვა რაც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის შერჩევა?

მოსამართლე მოსამზადებელი სხდომის შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულების კანდიდატთა სიას, არაუმეტეს 300 ადამიანისა. მათ ენიჭებათ რიგითი ნომრები. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეგზავნებათ მოსამართლის მიერ მხარეებთან თათბირის საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი. კანდიდატი ვალდებულია 5 დღის ვადაში უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. მოსამართლე უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც, თუ დაბარებული 100 კანდიდატიდან 50-ზე ნაკლები გამოცხადდება. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე კანდიდატებს შეუძლიათ დააყენონ შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითონ იმ გარემოებაზე, რაც ხელს შეუშლის ამ მოვალეობის შესრულებაში. გარდა ამისა თავად მხარეებს (ბრალდება/დაცვა) უფლება აქვთ იშუამდგომლონ კანდიდატის აცილებაზე. იგი არსებობს ორი სახის: დასაბუთებული (არ არის რაოდენობა შეზღუდული) და დაუსაბუთებელი (მხარეებს უფლება აქვთ 10 ასეთი შუამდგომლობა დააყენონ). დაცვა და ბრალდება სვამენ კითხვებს რომელზეც მსაჯულები ვალდებული არიან გულწრფელი პასუხები გასცენ.

აქვს თუ არა პირს უფლება უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე?

ნაფიცი მსაჯულობა მაღალი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში დიდი პატივით იღებენ. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია გამოცხადდეს დაბარებულ დროს სხდომის დარბაზში და არჩევის შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში, თუმცა არსებობს გამონაკლისი რა დროსაც კანდიდატს შეუძლია უარი განაცხადოს მოვალეობის შესრულებაზე. ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება თუ იგი 70 წელს გადაცილებულია; აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და წარადგენს შესაბამის ცნობას; ასრულებს ისეთ სამუშაოს რომელზე მისი შეცვლაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს; უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო მსაჯული ; ბოლოს ხანგრძლივი ვადით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. იმ შემთხვევაში თუ მსაჯულობის კანდიდატს არ გააჩნია საპატიო მიზეზი და არ გამოცხადდება სხდომაზე იგი დაჯარიმდება 500 დან 1500 ლარამდე თანხით. თუ ხართ ნაფიც მსაჯულად დაბარებული და არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

ვის შეიძლება ეთქვას უარი ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე?

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას ვერ მიიღებს ის პიროვნება ვინც არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მაგალითად: პროკურორი; გამომძიებელი; პოლიციელი; სასულიერო პირი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე. ასევე ის, ვინც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არის სახდელდადებული; ნასამართლევი; ადვოკატი; ბრალდებული;

შეგიძლიათ იხილოთ სასამართლო პრაქტიკა სადაც საქმე გასაჩივრდა იმ მიზეზით, რომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი დაუსაბუთებელი იყო: ტაქსკეტი ბელგიის (Taxquet v. Belgium [GC]); შალა ნორვეგიის წინააღმდეგ (Shala v. Norway); სარიკი დანიის წინააღმდეგ g(Saric v. Denmark)

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავის სტატიები:რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობითმედიის გავლენა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე