რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?2934 2021.07.11
რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?

საქართველოს მოქალაქეს ან იმ პირს, ვინც არის მოქალაქეობის არმქონე, მაგრამ მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, შეუძლია შეიცვალოს გვარი. 16 იდან 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის სახელის/გვარის შეცვლა დასაშვებია მშობლის(ების) თანხმობით, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით. სრულწლოვან პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია შეიცვალოს სახელი/გვარი. რაც შეეხება გვარის მიღება-შეცვლას, ადამიანს შეუძლია მიიღოს მშობელთა, აღმავალი შტოს ნათესავთა (ბებია-ბაბუის ჩათვლით) ფაქტობრივად აღმზრდელის; მშვილებელის; მამობის დადგენის შემთხვევაში მამის; ისტორიული; ქორწინებამდელი; სახელმწიფო ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი; ასევე საკუთარი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას: “ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №2/4/570. გვარის შეცვლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს.

რა საბუთებია საჭირო სახელის/გვარის შეცვლისთვის ?

საჭიროა განმცხადებლის პირადობის და დაბადების მოწმობა; თუ მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი(ები) მისი დაბადების მოწმობა; თუ 16 დან 18 წლამდე პირი ახორციელებს ცვლილებას მას სჭირდება წარმოადგინოს მშობლის(ების) ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ საქმე გვაქვს 10 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან, მაშინ დამატებით საჭიროა თავად მისი თანხმობაც. ხოლო თუ ადვოკატი, ან სხვა მინდობილი პირი წარმოადგენს თქვენს უფლებებს, დამატებით საჭიროა ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა.

მოწმობის გაცემის ვადა და საფასური

მოწმობა გაიცემა 60 კალენდარულ დღეში და საფასური შეადგენს 55 ლარს, შეღავათი საფასურთან დაკავშირებით ეხება იძულებით გადაადგილებულ (დევნილ) პირებს, ხოლო სტუდენტები სარგებლობენ 10% იანი ფასდაკლებით. აუცილებელია გაითვალისწინოთ ის, რომ სახელის/გვარის შეცვლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ შეცვალოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რა შემთხვევაში შეიძლება გეთქვათ უარი სახელის/გვარის შეცვლაზე?

იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ არსებობს ეჭვი რომ მან ჩაიდინა დანაშული, იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირის მიმართ ვინც დაინტერესებულია სახელის/გვარის შეცვლით; საქართველოდან გაუკეთდა დეპორტაცია ან რეადმისია და ამ ორის განხორციელებიდან არ არის გასული ხუთ წლიანი ვადა; თუ არსებობს 16 წელს მიუღწეველი პირის განცხადება. იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ უსაფუძვლოდ გეთქვათ უარი გვარის შეცვლაზე, შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები:  სახელის და გვარის შეცვლისათვის საჭირო პროცედურები