რაზეა დამოკიდებული არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა?3037 2018.12.13
რაზეა დამოკიდებული არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა?

 ხშირად ისმის კითხვები არასლუწლოვანთა უფლება-მოვალეობების შესახებ; კითვები განსაკუთრებით აქტუალურია არასრულწლოვანთა მიერ ორმხრივი გარიგების დადებასთან დაკავშირებით, კერძოდ, რა სამართლებრივი ეტაპებია გასავლელი და რა შემთხვევაში ჩაითვლება არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება ნამდვილად;

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტებისგან შევიტყობთ;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.

აღნიშნული მუხლის მიზანია არასრულწლოვნის დაცვა იმ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისაგან, რომლებიც მის მიერ ხელშეკრულების დადებას შეიძლება მოჰყვეს.

 

მართალია, მცირეწლოვანებისაგან (7 წლამდე) განსხვავებით, არასრულწლოვნებს (7-დან 18 წლამდე) აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო ბრუნვაში, მაგრამ მათი ეს მონაწილეობა შეზღუდულია მხოლოდ სარგებლის მომტანი ან ნეიტრალური ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობით. სხვა შემთხვევაში აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი თანხმობა. თანხმობა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კონკლუდენტურადაც განხორციელდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგების თავისებურებიდან გამომდინარე, სპეციალური ფორმაა დადგენილი.

კანონიერი წარმომადგენლები არიან არასრულწლოვანი პირის მშობლები ან მეურვეები. არასრულწლოვანს არა აქვს თანხმობის მოთხოვნის უფლება. მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები და მოცულობა განისაზღვრება კანონით. თანხმობის მოცულობა განისაზღვრება იმით, თუ რას ემსახურება იგი. თანხმობა შეიძლება იყოს ერთი გარიგებისათვის გაცემული, მაგალითად, ავტომანქანის ყიდვა, ან გარკვეულ თანხამდე გარიგებებისათვის, მაგალითად, 500 ლარამდე და ა.შ.

 თუ გარიგება არასრულწლოვნისათვის სამართლებრივად სარგებლის მომტანია, მაშინ გარიგება უკვე ნამდვილია და მას არ სჭირდება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. თუ თანხმობა გაცემულია, მაშინ არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება ისევე იქნება ნამდვილი, როგორც ქმედუნარიანი პირის მიერ დადებული გარიგება.

 

თუკი არასრულწლოვანი, რომელმაც კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადო 63 I მუხლით გათვალისწინებული გარიგება, მის მიერ დადებული მერყევად ბათილი გარიგება არ გახდება ავტომატურად ნამდვილი იმით, რომ ეს პირი გახდა სრულწლოვანი. სრულწლოვანებას მიღწეულმა პირმა თვითონ უნდა გასცეს თანხმობა, რომელიც მანამდე კანონიერ წარმომადგენელს უნდა გაეცა. სრულწლოვანების მიღწევით პირი არა მხოლოდ ქმედუნარიანი ხდება, არამედ კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებასაც იძენს 63-ე მუხლიდან გამომდინარე ურთიერთობებში.