„არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება აკრძალულია“4906 2018.10.12
„არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება აკრძალულია“

 დღესდღეობით ბევრი არასრულწლოვანი ცდილობს იმუშავოს, რათა საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს და ოჯახს ეკონომიკური დახმარება გაუწიოს. თუმცა,  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტების განმარტებით,  ხშირია შემთხვევები, როცა მათი შრომითი უფლებები ირღვევა და „ისინი, ძირითადად, ხელშეკრულების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობენ და სამუშაო საათებიც კანონით დადგენილ ნორმას აღემატება“, რაც დაუშვებელია. 

 

საქართველოში არასრულწლოვნის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით.

შრომის კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური  პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან.

 

16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.

 

14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

ამასთან გასათვალისწინებელი, რომ აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

 

აკრძალულია არასრულწლოვანთან, შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად, რაც საფრთხეს შეუქმნის არასრულწლოვნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

ამასთან შრომის კოდექსი ითვალისწინებს გამონაკლისებს სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.

14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.

დამსაქმებლებმა აგრეთვე უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე, აგრეთვე ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული წესების  დარღვევის შემთხვევაში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს.