დასაშვებია თუ არა საკუთრების უფლებაში ჩარევა? 5514 2018.09.27
დასაშვებია თუ არა საკუთრების უფლებაში ჩარევა?

საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული, აღიარებული და ხელშეუვალი უფლებაა. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. თუმცა, კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა შესაძლებელია. ასეთ შემთხვევას განეკუთვნება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა.

 უფრო კონკრეტულად, თუ რას ითვალისწინებს „აუცილებელი საზოგადოერბირივი საჭიროება“, რა შემთხვევაში შეიძლება, განხორციელდეს საკუთრების ჩამორთმევა ან რა უფლებებით სარგებლობს ასეთ დროს მესაკუთრე, საადვოკატო ბიუორ „OK&CG“-ის იურისტებისგან შევიტყობთ.

 როგორც იურისტები განმარტავენ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ.

 აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია [საკუთრების ჩამორთმევა] ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

საკუთრების ჩამორთმევა ხორციელდება ჩამონათვალში მითითებული სამუშაოების წარმოების მიზნით:

ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;

ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის;

გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის;

დ)ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის;

ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის;

ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის;

ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის;

თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის;

ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის;

კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.

 

 ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ მესაკუთრე იღებს კომპენსაციას, კომპენსაციის დადგენა ხდება მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ახდენენ ქონების შეფასებას. შესაძლებელია ქონების სანაცვლოდ მესაკუთრეს ფულადი კომპენსაციის ნაცვლად გადასცენ სხვა ქონება. თუმცა აღნიშნულზე აუცილებელია მისი თანხმობა. თუ ექსპროპრიატორი ანი ის, ვინც აწარმოებს ქონების ჩამორთმევას, და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს,  სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, რა შემთხვევაშიც ფასის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ, რომელიც აღნიშნულს ახდენს დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებაზე დაყრდნობით.

 

 გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას ითვალისწინებენ ასევე მასზე არსებული ნათესების ღირებულებას, რომელიც გამოიანგარიშება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მისგან მიიღებდა მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე თესვა განხორციელდა ქონების შეფასების შემდეგ, მათი ღირებულება კომპენსაციის განსაზღვრისას არ იქნება გათვალისწინებული.