ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა

  სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

განსაცდელში მიტოვება დაუხმარებლად

იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

დაუხმარებლობა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება

1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არასაპატიო მიზეზით გაუწევლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

შიდსის შეყრა

1. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა

1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

უკანონო აბორტი

1. უკანონო აბორტი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან სამას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სტერილიზაცია თანხმობის გარეშე

1. წინასწარი თანხმობის გარეშე პირისთვის ისეთი ოპერაციის ან მანიპულაციის ჩატარება, რომლის მიზანი ამ პირის რეპროდუქციის უნარის მოშლაა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება

1. რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით ან ამგვარი გავლენის გარეშე ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება, ან ქალის იძულება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება

1. სამკურნალოდ, გადასანერგად, ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა სისხლით ან სისხლის კომპონენტებით

უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი ანგარებით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა

1. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

გენეტიკური მანიპულაცია გენეტიკური მანიპულაცია, ესე იგი ადამიანის მსგავსი არსების შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

სერვისები