სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო
სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო

1. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში:

ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;

ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;

გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;

დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

2. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო.

3. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.

4. ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.

6. გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.

7. უცხო ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის თანახმად საქართველოში აღსასრულებლად გადმოგზავნის შემთხვევაში საქართველოს შესაბამისი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია.

სერვისები